ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თამაზ სანიკიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ძველი ხელოვნების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი თამაზ სანიკიძე.
„თამაზ სანიკიძე, პირველ რიგში, ძველი ქართული არქიტექტურის მკვლევარი იყო და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ამ სფეროს შესწავლაში. მისი პირველი მონოგრაფია (1975) გერგეტის სამების ტაძარს მიეძღვნა. წლების მანძილზე იკვლევდა უფლისციხის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს და არაერთი წიგნი თუ წერილი მიუძღვნა როგორც მთელ ანსამბლს, ისე მის ცალკეულ ნაწილებს. ასევე მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები იკორთის, წალენჯიხის, ფექრაშენისა და საქადაგიანოს ეკლესიების, გელათის მონასტრის, მცხეთის ადრექრისტიანული სიძველეების შესახებ. თამაზ სანიკიძე იკვლევდა ახალი ქართული ხელოვნების საკითხებსაც. მას ეკუთვნის ნარკვევები ნიკო ფიროსმანის, იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ზურაბ წერეთლის, ილია და კირილე ზდანევიჩების შესახებ. ასევე გამოქვეყნებული აქვს ისტორიოგრაფიული წერილები და მოგონებები.
1976-1991 წლებში თამაზ სანიკიძე იყო შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი. მისი უშუალო მონაწილეობით გაიმართა ძველი ქართული ხელოვნების რამდენიმე მასშტაბური გამოფენა ევროპის მუზეუმებში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც – წლების მანძილზე ასწავლიდა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში“, – ნათქვამია ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები