ხვალ სტუდენტები ფასდაკლებით ისარგებლებენ

  ხვალ სტუდენტები სხვადასხვა ფასდაკლებით ისარგებლებენ. აქცია მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება.
ფასდაკლების შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილმე რატი ბრეგვაძემ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბიწაძემ, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
აქციის ინიციატორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა, რომელსაც მხარს გარემოს დაცვის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, აჭარის მთავრობა და კერძო სექტორი უჭერს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, 29 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული იქნება შემდეგი სახის ფასდაკლება: იმერეთის დაცული ტერიტორიების, პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეებში უფასო შესვლა; აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები უფასოდ შევლენ გონიოს ციხეში, ნობელების მუზეუმში, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმსა და არქეოლოგიურ მუზეუმში; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მხარდაჭერით, 14-დან 29 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდებისთვის უფასო შესვლა იქნება გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში არსებულ ყველა მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში. კერძოდ, საქართველოს მუზეუმში, ეროვნულ გალერეაში, ხელოვნების მუზეუში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, თბილისის ისტორიის მუზეუმში, ოკუპაციის მუზეუმში, სიღნაღის მუზეუმში, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში, ვანის არქეოლოგიურ ნაკრძალში, სვანეთის მუზეუმში, ძალისას მუზეუმ-ნაკრძალში, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმსა და ოთხ სახლ-მუზეუმში.
6 წლიდან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის 50-პროცენტიანი ფასდაკლება იმოქმედებს ხვალ სტანდარტ პაკეტზე „ჯინო ფერედაისში“, ფასდაკლებას მიიღებს პირველი 1000 მომხმარებელი. სპორტომპლექსი “არენა” კი ერთთვიან აბონემენტზე 20%-იან ფასდაკლებას აწესებს, ხოლო ერთდღიან აბონემენტზე – 50%-იან ფასდაკლებას.
მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე 12 აგვისტოს აღინიშნება. აღნიშნულს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა. ამ დღესასწაულს საქართველოც უერთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები