„ბელარუსი ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან“ – შალვა პაპუაშვილი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე

ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ლუკაშენკოს ამგვარი ნაბიჯი არღვევს საერთაშორისო სამართალს და საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ეწინააღმდეგება.

„რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომაც ძალიან მკვეთრი, დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბელარუსის ელჩი, მოსთხოვა მას განმარტება და ახლა სამინისტრო არის ამ განმარტების მოლოდინში. თავისთავად, ეს ნაბიჯი, ანუ ეს ჩასვლა, არღვევს საერთაშორისო სამართალს, ასევე არღვევს ჩვენს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას, რაც არის საქართველოსა და ბელარუსს შორის.

ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბელარუსი დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს და ამ განმარტების ფარგლებში ჩვენ ვნახავთ, რომ რაც შეეხება განსაკუთრებით არ აღიარების პოლიტიკას, აქ რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება. მოთხოვნილ იქნა განმარტებები და ეს განმარტებები უნდა იქნეს წარმოდგენილი.

ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან და მნიშვნელოვანია ეს წითელი ხაზი არ იქნეს გადაკვეთილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან მოლაპარაკება გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები