ეკა სეფაშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი, მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე თემატური მომხსენებლის რანგში, ინდივიდუალურ ბიზნეს სუბიექტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და პარლამენტის მიერ 2022 წლის მარტში მიღებულ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით ინდივიდუალურ ბიზნეს სუბიექტების მოსაზრებების გაცნობა წარმოადგენდა.

„ინდივიდუალური ბიზნეს სუბიექტების წარმომადგენლებმა თავიანთი პოზიცია გამოხატეს. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ საჭიროა კანონის ზოგიერთი მუხლის უფრო მკაფიოდ განმარტება. ასევე, მათთვის მნიშვნელოვანია მკაფიო კრიტერიუმების არსებობა, რომელიც მუშაობაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ მათს პრაქტიკაში კანონით განსაზღვრული ტიპის ურთიერთობები მომხმარებელთან უკვე არსებობს და ჯერჯერობით პრობლემები არ შექმნიათ საქონლის დაბრუნებისათვის შემუშავებული კრიტერიუმების შესრულებაში. თუმცა, ასევე აღმოჩნდა, რომ ისინი მაინც სიფრთხილით ეკიდებიან იმ პროცესს, რომელიც კანონის აღსრულების მომენტიდან დაიწყება. ფიქრობენ, რომ მათთვის კარგი იქნება დამატებითი კრიტერიუმების შემუშავება იმისათვის, რომ ზუსტად იცოდნენ რა შემთხვევაში უნდა მოხდეს ნივთის დაბრუნება თუ შეკეთება“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკა სეფაშვილმა.

თემატური მომხსენებლის საქმიანობას ტექნიკურ დახმარებას უწევს ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდაჭერის პროექტი (AA Facility).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები