დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შრომითი მიგრაციის შესახებ იმსჯელეს
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შრომითი მიგრაციის საკითხებზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიგრაციის საკითხთა სამმართველოს ინფორმაცია მოისმინეს.
კომიტეტის წევრებს ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა გიორგი ბუნტურმა გააცნეს.
სხდომაზე განიხილეს საკითხები შრომითი მიგრაციის რეგულირებასა და მართვაზე, საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმების ხელშეწყობაზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მექანიზმებზე, ასევე მიგრაციის საკითხთა სამმართველოს საქმიანობაზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე. მომხსენებელთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს „შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონი იქნა მიღებული, კანონმდებლობა ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს.
„არაერთი კვლევა ჩატარდა. კვლევა ჩაატარა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელმაც შესაბამისი რეკომენდაციები დადო, რომ კანონმდებლობას სჭირდება ცვლილება, რეგულაციების შემოღება და ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმების გამყარება. მეორე მხრივ, პარლამენტმა საპარლამენტო მოკვლევის ფარგლებში მოგვცა ასევე რეკომენდაციები. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდგომ საიმიგრაციო პოლიტიკის გაძლიერება-გამყარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა და შესაბამისი რეკომენდაციებიც არსებობს”, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.
მისივე თქმით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით იმუშავეს კანონპროექტზე, რომელიც ორივე მიმართულების – ემიგრაციის და იმიგრაციის გამყარებას ითვალისწინებს და ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმ სრულფასოვანი პოლიტიკისაკენ, რომელიც შრომით მიგრაციას საერთაშორისო დონეზე არეგულირებს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის ის ცვლილებები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტამდე ბოლომდე მიგვიყვანს, თუმცა არ გვგონია, რომ ამ ეტაპზე დერეგულირებიდან პირდაპირ საერთაშორისო სტანდარტამდე აყვანა არის სწორი გამოსავალი. ეს არის შემდეგი ეტაპი იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი აღსრულების მექანიზმები, იმისათვის, რომ შევქმნათ დღეს არარსებული სისტემები, რომელიც დაგვაახლოვებს უკვე იმ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა გიორგი ბუნტურმა კი კომიტეტის წევრებს გააცნო „შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების და დამატებების პროექტი და კანონპროექტის ზოგადი პრინციპები. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძის განცხადებით, კომიტეტი იწონებს კანონში შემოთავაზებულ ცვლილებებს და მიესალმება წარმოდგენილი კანონპროექტის ინიცირებას.