ეკა სეფაშვილმა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ამ თემაზე მომუშავე ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ეკა სეფაშვილი მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე თემატურ მომხსენებლად არის დანიშნული და ამდენად, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა. პარლამენტმა კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” წელს მიიღო.

ეკა სეფაშვილის განცხადებით, პარლამენტმა თემატური მომხსენებლის დანიშვნით საპარლამენტო კონტროლის აღსრულების შესაბამისი ინსტრუმენტი გამოიყენა, რათა საფუძვლიანად იქნეს შესწავლილი, თუ როგორ ხდება რეალურად ამ კანონის აღსრულება და, შესაბამისად, როგორ იქნება დაცული მომხმარებელთა უფლებები.
„შევხვდი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მომესმინა მათი მოსაზრებები, თუ რა საფრთხეებს და რა გამოწვევებს ხედავენ ამ კანონის აღსრულების დაწყების შემდეგ, 1 ნოემბრიდან, როდესაც დაიწყება კანონის აღსრულება. შეხვედრაზე საინტერესო მოსაზრებები დააფიქსირეს. ერთ-ერთი მთავარი მოსაზრება, რომელიც შეხვედრაზე გამოითქვა, არის ის, რომ აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რომელიც მკაფიოდ განუმარტავს ბიზნეს სუბიექტებსაც და მომხმარებლებსაც მათი უფლება – მოვალეობის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა სხვადასხვა საკითხები, რომელზეც კომიტეტი რეკომენდაციებს შეიმუშავებს ამა თუ იმ მარეგულირებელი უწყების მიმართ”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. თემატური მომხსენებლის საქმიანობას ტექნიკურ დახმარებას უწევს ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდაჭერის პროექტი (AA Facility).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები