რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა კოლეგებს, ნდობის გამოცხადებისა და ახალი შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა. მან კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, სოზარ სუბარის მიმართ, ორი წლის განმავლობაში კომიტეტში გაწეული საქმიანობისთვის, მადლიერება გამოხატა.

პარლამენტის ინფორმაციით, სხდომაზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მისი და რამდენიმე კოლეგის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტებზე ისაუბრა.

ცვლილებების თანახმად, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლობის სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის მოქმედება 2024 წლის 1 მარტამდე შეჩერდება და შესაბამისად, აღნიშნულ დრომდე ძალაში რჩება სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი. ამასთანავე, კანონპროექტით, უქმდება სერტიფიცირებული ექსპერტის სტატუსი და მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველად განისაზღვრება მხოლოდ აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანო.
კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატანი ცვლილებებით, კოდექსის 141-ე მუხლს დაემატება მე-161 ნაწილი, რომელიც ეხება ისეთ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილებების შეტანას, რომლებიც კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2019 წლის 3 დეკემბრამდე დამტკიცდა ან/და რომლებიც 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული დავალების საფუძველზე იქნა მიღებული. საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ გარკვეულ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჯერ კიდევ მზად არ არის ქალაქმშენებლობითი გეგმები, ადგილი აქვს ქაოტურ მშენებლობებს, რაც გარკვეულ პრობლემებს წარმოქმნის.

„უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ მუნიციპალიტეტებს უფრო მეტი და ეფექტური ბერკეტი უნდა მიეცეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისში, უკანონო მშენებლობებისთვის საკმაოდ სოლიდური ფინანსური სანქციები მოქმედებს და აღნიშნული მექანიზმები სხვა მუნიციპალიტეტებშიც უნდა დაინერგოს”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ახალ კანონპროექტზე – „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, რაჭის ეროვნული პარკის შექმნაზე მუშაობა წლების წინ დაიწყო და 2016 წლიდან აღნიშნულ საკითხზე განახლდა კვლევები. მისივე თქმით, რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ 50 ათას ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს, ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და მაინის ფრანკფურტი და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, შორის სასესხო შეთანხმებას” გაეცნენ. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 5 აპრილის განკარგულების საფუძველზე დაიწყო კონსულტაციები რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW) და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან (EBRD) „შენობებში მწვანე ინვესტირების პროექტი” დაფინანსების მიზნით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო სკოლების ენერგო ეფექტურ განახლებას სრულ, ყოვლისმომცველ რეაბილიტაციას ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.
პროექტის ფარგლებში შესაძლებელია ახალი სკოლების მშენებლობა.

„პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების (KFW) ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდება, საიდანაც KFW -ის მიერ გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი 40 მლნ ევროს ოდენობით სესხის სახით და 15.35 მილიონი ევრო გრანტის სახით”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა წარმოდგენილ სარატიფიკაციო შეთანხმებას, თუმცა აღნიშნა, რომ ფინანსური ხელშეკრულების დამტკიცების შემდეგ, საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომიტეტს შერჩეული სკოლების სია უნდა წარუდგინოს და თუ საჭიროება იქნება, შესაძლოა სკოლების ჩამონათვალში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს. სხდომაზე განხილულ საკითხებს კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და მათ პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები