სოლომონ პავლიაშვილმა კონფერენცია – „ნახშირბადით ვაჭრობა მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა კონფერენცია „ნახშირბადით ვაჭრობა მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიის, იაპონიის მთავრობებს და გაეროს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისთვის.

„სახელმწიფოსთვის გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ პარიზის შეთანხმებისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ამბიციური გეგმები გააჩნია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ვფიქრობ, ნახშირბადით ვაჭრობის მსოფლიო ბაზარზე წვდომა ხელს შეუწყობს ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებას“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

„ნახშირბადით ვაჭრობა პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან, ერთი მხრივ, ამცირებს ემისიებს, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანას ეხმარება მწვანე გარდაქმნისთვის საჭირო დამატებითი რესურსების მობილიზებაში. მივესალმები შვეიცარიისა და იაპონიის მზაობას, საქართველოს გზა გაუკვალონ ნახშირბადით ვაჭრობის ბაზარზე. ჩვენი მიზანია, აღნიშნული იდეის პრაქტიკული განხორციელება“, – აღნიშნა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა.

„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს ხელი შევუწყოთ ნახშირბადით ვაჭრობის მსოფლიო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში“, – განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში, აკირა იმამურამ.
„დღევანდელი კონფერენცია მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზარზე ნახშირბადით ვაჭრობის პროცესში საქართველოს როლის განსაზღვრის მიმართულებით. შვეიცარიასა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მზად ვართ საქართველოს დავეხმაროთ კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში“, – განაცხადა შვეიცარიის ელჩის მოადგილემ საქართველოში, ურს ბეერმა.

კონფერენციის მონაწილეებმა ნახშირბადით ვაჭრობის უპირატესობები და ამ მიმართულებით საქართველოს მსოფლიო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობები განიხილეს. ნახშირბადის ბაზარი და ემისიებით ვაჭრობის სისტემები საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმია, რომლის გამოყენებით შესაძლებელია ემისიების გაყიდვა ან ყიდვა ქვეყნებსა თუ კომერციულ კომპანიებს შორის. იმისთვის, რომ ქვეყანა ნახშირბადით ვაჭრობის ბაზარს შეუერთდეს, მნიშვნელოვანია შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით, ემისიების შემცირებული მონაცემების დადასტურება. საქართველომ შვეიცარიასა და იაპონიასთან ნახშირბადით ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს ხელი მიმდინარე წელს მოაწერა. მნიშვნელოვანია, რომ ნახშირბადით ვაჭრობის შედეგად მიღებული დაფინანსება, ქვეყანას კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება. კონფერენციას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სამრეწველო ასოციაციების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები