სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, კონსტანტინე ლაშხს და სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტს, ზურაბ კახაბრიშვილს მოუსმინეს.

მომხსენებლებმა, კომიტეტის სხდომაზე, მათი საქმიანობის სფეროში არსებულ შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
კონსტანტინე ლაშხის ინფორმაციით, ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ექვს მიმართულებას, მათ შორის სამ ოლიმპიურ სახეობას აერთიანებს. ფედერაციის პრეზიდენტმა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე ქართველი ტანმოვარჯიშეების მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ წელს სპორტსმენებმა უკვე 22 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.

„მიღწეული შედეგები იმის წინა პირობას გვაძლევს, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის მეტი ლიცენზია მოვიპოვოთ”, – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.

კონსტანტინე ლაშხმა ფედერაციის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ამ კუთხით ყურადღება როგორც ტანვარჯიშის დარბაზების სიმცირეზე, ასევე ფედერაციისთვის გამოყოფილ მცირე საბიუჯეტო თანხებზე გაამახვილა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს, ტანვარჯიშის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გასხვისდა, რამაც სპორტის ამ სახეობების განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა. მისივე ინფორმაციით, პრობლემას წარმოადგენს რეგიონებში ტანვარჯიშის დარბაზების არარსებობა, რის გამოც სპორტის აღნიშნული სახეობა ძირითადად მხოლოდ დედაქალაქში ვითარდება. რაც შეეხება დაფინანსებას, ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, სპორტული ინვენტარის განახლების, საერთაშორისო ტურნირებზე ღირსეულად გამოსვლის და ტანვარჯიშის სახეობების კიდევ უფრო განვითარებისთვის, ფედერაცია დაფინანსების გაზრდას სამ მილიონ ლარამდე ითხოვს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებთან დაკავშირებით, კომიტეტი შესაბამის სამინისტროს წერილობით მიმართავს. სპორტული მედიცინის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, ასოციაციის პრეზიდენტმა მცირე დაფინანსების საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოლიმპიური გუნდების ექიმების ნახევარს მინიმალური ხელფასი აქვთ. მისი ინფორმაციით, ოლიმპიურ გუნდს 72 ექიმი ემსახურება და მათი ნაწილის ანაზღაურება 100-დან 300 ლარამდეა. „არ არის მგონი დიდი პრობლემა, მიზნობრივი პროგრამა და ხელფასების დანიშვნა. უბრალოდ ყველამ ერთმანეთს მოვუსმინოთ. ეკონომიკური ზრდა ხომ არის ქვეყანაში, რაღაც გავაკეთოთ და კანონი მივიღოთ, რომ ყველა დაცულები ვიყოთ შვილებიდან მაღალი მიღწევების სპორტით დამთავრებული”, – განაცხადა ზურაბ კახაბრიშვილმა.

მომხსენებელმა სპორტული მედიცინის განვითარების და მისი ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა და სპორტსმენთა ტრავმირების პრევენციისთვის გასატარებელ ნაბიჯებს გაუსვა ხაზი. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საკითხის კომპლექსურებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ სპორტული მედიცინის ხელშეწყობის კუთხით სხვადასხვა კომიტეტში შესაბამისი განხილვები მოეწყოს. რაც შეეხება სპორტული ფედერაციების საქმიანობის ანგარიშის მოსმენას, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, კომიტეტი თითოეულ სხდომაზე მინიმუმ ერთ ფედერაციას მაინც მოუსმენს, რათა პარლამენტის წევრები უკეთ გაეცნონ, თუ რა ხდება და რა გამოწვევებია სპორტის სხვადასხვა სახეობებში და შემდგომ ერთად იმსჯელონ მათი დაძლევის გზებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები