საზარელი ავარია რაჭაში – „მკვლელს არ ვაპატიებ ჩემი შვილის სიკვდილს“

   ”შენ ხარ ის, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა, ჩემი ანგელოზი. რატომ დამტოვე, რატომ?.. ბევრი ოცნება გქონდა, რომელიც ჩემთან ერთად გინდოდა აგესრულებინა. ღმერთმა წამართვა შენი თავი… გულში დიდი ნაპრალი დამიტოვე, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ამოავსებს… შენ ანგელოზი იყავი და ხარ, რომელიც სასუფეველში განისვენებს… ჩემი ცისკრის ნათება ხარ. არ მინდა არც ერთი წუთი უშენოდ… არ მინდა ვფიქრობდე, რომ ცხოვრებაში ვეღარ გნახავ… დანა კბილს აღარ მიხსნის. სული, გული აღარ მაქვს, მარტო ცოცხალი ლეში ვარ”, – ეს სიტყვები 16 წლის ანა კუნდუხაშვილის შეყვარებულმა საყვარელი ადამიანის ფოტოს წააწერა.
17 წლის ანა კარგარეთელის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ გაზეთი „კვირის პალიტრა” წერს. გამოცემის ინფორმაციით, ანა თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე იყო. ანა კარგარეთელსაც მეორე ანას მსგავსად, ბევრი აუსრულებელი ოცნება დარჩა.
”მსურს, მქონდეს წითელი მოტოციკლი, მყავდეს ცისფერი ბრიტანული ველოსიპედი. მინდა მიყვარდეს ტკივილამდე ვინმე და მასაც ასევე ძალიან ვუყვარდე, მინდა მქონდეს სახლი ზღვის პირას, მინდა გამოვიდე ბროდვეიზე, ვისწავლო ფრანგული და გერმანული, მყავდეს მინიკუპერი ბრიტანეთის დროშით, მინდა მშობლები ამაყობდნენ ჩემით, თმა შევიღებო წითლად. ვუყურო მზის ჩასვლას ჩემს საყვარელ პიროვნებასთან ერთად… სულ მინდა ვმღეროდე, მინდა ჩემი ოცნების ოთახი მქონდეს”, – ეს ჩანაწერი ანა კარგარეთელის ბლოკნოტში დედამ მისი სიკვდილის შემდეგ იპოვა.
საუბედუროდ, ეს ლამაზი გოგონები 29 ივლისს რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ნაკირეთში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლნენ. 16 წლის ანა კუნდუხაშვილი და 17 წლის ანა კარგარეთელი ნათესავებთან ერთად ქუჩაში სეირნობდნენ, როცა დიდი სიჩქარით მომავალი ავტომანქანა შენიშნეს. შეშინებულები ღობეს აეკრნენ. მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა ბორდიურზე ავარდა და სწორედ იმ ღობეს შეასკდა, სადაც გოგონები იდგნენ. ორივემ იქვე დალია სული. ამ ტრაგედიას ანა კარგარეთელის დაც შეესწრო.
„მე და ანა რაჭაში ნათესავის სახლში ვისვენებდით. იმ ოჯახში სტუმრად ჩამოვიდა რუსთავიდან ანა კუნდუხაშვილიც. ერთმანეთი იქ გავიცანით და დავმეგობრდით. იმ დღეს შინიდან 9 საათზე გამოვედით. ჩვენთან ნათესავი ბიჭებიც იყვნენ და ექვსივე წავედით სოფელ ნაკირეთისკენ. იმ მანქანამ რამდენჯერმე აგვიარ-ჩაგვიარა, მანქანაში ბიჭები ისხდნენ. ორჯერ გააჩერეს, ვიღაცას ვეძებთ და მათში შეგვეშალეთო. აშკარად ნასვამები ჩანდნენ. სკამზე დავსხედით, ცოტა ხანი იქ ვიყავით, მერე სახლში დავაპირეთ წამოსვლა, უკვე დაბნელებული იყო. გზაზე მოვდიოდით და დავინახეთ, სწრაფად მომავალი მანქანა, 4-ნი გზის მარცხენა მხარეს გადავედით, მარჯვენა მხარეს კი ღობეს ჩემი და ანა და მეორე ანა აეკვრნენ. მერე შეჯახების ხმა მახსოვს. გოგოების შეკივლება არ გამიგია. დავინახე მანქანამ როგორ ააგდო ჰაერში ანა კუნდუხაშვილი, მერე ჩემს დას დაეჯახა. მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, ვაიმე, ეს რა გავაკეთეო, მერე ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. სასწრაფო რომ მოვიდა, პირველად ანას დავხედე, თავი გადახსნილი ჰქონდა, ჩემი დაც გარდაცვლილი იყო”, – ამბობს ელენე კარგარეთელი.
საჭეს 23 წლის მიშიკო მორჩაძე მართავდა. ის მეორე დღეს დააკავეს. ისიც სტუმრად იყო ცოლის ბებიასთან (5 თვის წინ დაქორწინდა).
”წინა დღესაც დაკავებული ჰყოლია პოლიციას, მაგრამ გაუშვიათ. უფროსს უთქვამს, დაჭერილი მყავდა, მაგრამ რა ვქნა, საქართველოში დარეკვები და ნათესაობა არ მოისპო და გამაშვებინესო. რომ გაეჩერებინა დროზე პოლიციას, ეს უბედურება არ მოხდებოდა. თავისი თავიც დაიღუპა და ჩვენც დაგვაქცია. ანას ძალიან უნდოდა რაჭაში წასვლა და უარი ვერ ვუთხარი, ბიძაჩემის სახლში გავუშვი… სულ კითხულობდა, მის წიგნში ვიპოვეთ ამ ზაფხულს წასაკითხი წიგნების სია. ქართულად, რუსულად და ინგლისურად თავისუფლად კითხულობდა. კარგად ხატავდა. არქიტექტურა-დიზაინის ფაკულტეტზე უნდოდა ჩაბარება”, – გვიამბობს ანა კარგარეთელის დედა. საუბარში ანას დეიდაშვილი, ბაჩო ჩაერთო: ”თავგადასავლების მოყვარული იყო, მიზანსწრაფული. დათვური სამსახური რომ არ გაეწია პოლიციას, ეს ბავშვები ცოცხალი იქნებოდნენ”… უმძიმესი სიტუაცია დამხვდა რუსთავში, კუნდუხაშვილების სახლში.
ანა კუნდუხაშვილი მარტოხელა დედამ წვალებით გაზარდა. ქალბატონ ფიქრიას შვილის ტელეფონი ეჭირა, სადაც შვილის ფოტო ჰქონდა გახსნილი, მას ეფერებოდა და თვალცრემლიანი თავის უდიდეს ტკივილზე მიყვებოდა: – უფლებადამცველი მინდა გამოვიდეო, მეტყოდა ხოლმე. ძალიან ბევრს კითხულობდა. აღიარე, დე, რომ ნიჭიერი ვარო. მართლაც, ასე იყო… რაჭაში ნათესავთან გავუშვი, ორ კვირაში მეც უნდა ჩავსულიყავი. ჩემი მშობლიური მხარეა, იქ ჩვენი სახლი დაკეტილია და ამიტომ ბიძაშვილთან წავიდა. იმ დღეს ანა ჩვენს სახლშიც ასულა, მეზობლები მოუნახულებია. სულ 3 დღის ჩასული იყო. იმ დღესაც რამდენჯერმე ვესაუბრე. მესამე კლასში იყო, სკოლიდან შინ მომავალს სამარშრუტო ტაქსი რომ დაეჯახა, ზამთარი იყო, თბილად ეცვა და გადავრჩით. ბავშვს მხოლოდ, დაჟეჟილობები ჰქონდა. მაშინ მძღოლის ვინაობის დადგენა არც მიცდია, მთავარი იყო, ჩემი შვილი გადარჩა. ახლა კი ანას მკვლელს არ ვაპატიებ ჩემი შვილის სიკვდილს, სანამ პირში სული მიდგას. მთვრალმა კედელზე აკრული ბავშვები მომიკლა. ფაქტის თვითმხილველია ლაშა, ამბობს, რომ მივედი, ანას გული უკვე აღარ ფეთქავდაო, მერე მეორე ანას დავადე ხელი, რამდენიმე წამი ესინჯებოდა პულსი და ვუყურებდი, როგორ შეჩერდა გულისცემაო. ჩემი ანა ისე იყო დასახიჩრებული, რომ არ მიმაკარეს. ჩემს ულამაზეს გოგოს ვერ მოვეფერე. ეს როგორ უნდა ვაპატიო დამნაშავეს?! თქვენ არ იცით, როგორი სიმწრით გაზრდილი შვილები მყავს. მეუღლეს გაცილებული ვარ, მარტო გავზარდე ჩემი ბიჭი და გოგო. ტყუპივით იყვნენ. სანამ პატარები იყვნენ, ქარხანაში ღამის ცვლაში ვმუშაობდი, ბავშვებთან მეზობელი რჩებოდა, მერე მეგობარი მეხმარებოდა. წვალებით გაზრდილი შვილი აღარ მყავს. როგორ შევეგუო ამას?! დაიმალა მათი მკვლელი, როგორ დაყარა ბავშვები, იქნებ შველა შეიძლებოდა?! ორი ულამაზესი გოგო მოგვიკლეს. გაგვანადგურეს”. სულისშემძვრელი იყო ორივე შვილმკვდარი დედის მონათხრობი. ვიჯექი მათ გვერდით და მეც ვტიროდი. ძნელია ასეთ დროს ადამიანს რაიმე სანუგეშო უთხრა. მინდა მათ კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო და ვისურვო, ასე არასოდეს ასტკივებოდეთ დედებს გული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები