ირაკლი კობახიძე: რაც უფრო დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური სისტემისა და დეპოლარიზაციისთვის

“პოლარიზაციამ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ სისტემაში შემოჰქონდა, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით გადაინაცვლა, რაც, ბუნებრივია, არის ძალიან კარგი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდა დინებები, არის უამრავი კერძო ინტერესი და ოლიგარქების ინტერესებიც”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური სისტემისა და დეპოლარიზაციისთვის.

„ბოლო დღეებში, განსაკუთრებით, ერთ-ერთი ოლიგარქის კეზერაშვილის ინტერესების გამოიკვეთა. არის კიდევ მეორე ოლიგარქის სააკაშვილის ინტერესები, რომელიც ცალკე იკვეთება, არის ამ ინტერესების დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია. ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას, რაც უფრო სუსტია „ნაცმოძრაობა“, მით უფრო ძლიერია საქართველოში პოლიტიკური სისტემა და მით უფრო დაბალია პოლარიზაციის ხარისხი. „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირება და პოლარიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული გარემოს დეპოლარიზაციას. ამ ეტაპზე კეზერაშვილი არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ფინანსური დონორი, რომელმაც გადაწყვიტა ნიკა მელიას გვერდის ავლით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების დაფინანსება, რაც პარტიის შიგნით დაპირისპირების მიზეზი გახდა. ეს ყველაფერი აჩვენებს რომ დეოლიგარქიზაცია არის საქართველოს მთავარი გამოწვევა, პოლიტიკური პროცესიდან ოლიგარქების ჩამოცილება არის ის, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამ კუთხით ევროკავშირის რეკომენდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონფლიქტები რაც არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არის ძალიან კარგი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის, რაც უფრო დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური სისტემისა და დეპოლარიზაციისთვის. „ქართული ოცნება“ ამ პროცესს გარედან აკვირდება და მასში ჩარევის, ხელგასვრილი ადამიანებით ხელის გასვრის არავითარი ინტერესი არ გააჩნია“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები