გიორგი მარგველაშვილი საველე სწავლებას ესწრება

   სამხედრო ექიმები 11 აგვისტოს პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ.
დაბა კრწანისის ტერიტორიაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის ორგანიზებით, საველე სწავლება – “სამედიცინო მხარდაჭერა” მიმდინარეობს.
საველე სწავლებას, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესწრებიან.
სწავლების მთავარი მიზანის საგანგებო სიტუაციებში სამედიცინო პერსონალის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კოორდინაცია წარმოადგენს. სცენარის მიხედვით, სოფელ არაშენდაში აღმოჩენილია მოწინააღმდეგის იარაღის სამალავები. შეიარაღებისა და ტყვია-წამლის ამოღების მიზნით, სპეციალური ოპერაციების ძალებს პატრულირებისა და ჩხრეკის ოპერაციის ჩატარება დაევალათ. ოპერაციის მიმდინარეობისას დაშავებული სამხედროებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით სწავლებაში ერთვებიან საველე ქირურგიული და სამედიცინო საევაკუაციო ჯგუფები. პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ საჰაერო სამედიცინო ევაკუაციის ჯგუფის მიერ მოხდება მძიმედ დაშავებული სამხედროების ევაკუაცია გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
საველე სწავლებაში ჩართული არიან ცალკეული სამედიცინო ბატალიონის ქირურგიული და საევაკუაციო ჯგუფები, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საარტილერიო ბრიგადების სამხედრო ექიმები, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები.
სამხედრო ექიმები პროფესიულ დღესასწაულს 1992 წლიდან აღნიშნავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები