გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ქიმიური ნივთიერების მართვის შესახებ იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ქიმიური ნივთიერების მართვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ იმსჯელეს.

„საკითხი, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ ფართოა და შეეხება ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ ვალდებულებას, ეს არის ქიმიური ნივთიერებების მართვის მიმართულებით საკანონმდებლო პროცესის მომზადება და პარლამენტში მიღება, ასევე მისი აღსრულება.
ჩეხეთის განვითარების სააგენტომ, რომელიც ჩვენი პარტნიორია ამ სფეროში, რამდენიმე წლის წინ დაიწყო შესაბამისი კანონპროექტის მომზადება, რომელიც საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვას ეხება, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ექსპერტები. შეხვედრაზე იმსჯელეს ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში არსებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე და ასევე უშუალოდ ჩეხეთის მაგალითზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალვერდ ჩანქსელიანმა წარმოადგინა დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება, ისაუბრა არსებულ რეგულაციებზე, ასევე შეეხო საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხს. კონკრეტულად საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებას და მისი შესრულების პროცესს.
ისაუბრა კანონპროექტის შესახებ, რომელიც ჩეხეთის მხარესთან ერთად შემუშავდა. მან ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებსა და შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. ჩეხმა ექსპერტმა ალეშ კულჰანეკიმ წარმოადგინა ჩეხი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ქიმიური ნივთიერებების მართვის ორი პროექტი, რომელიც მოიცავს ქიმიური ნარჩენების მართვის რეგულაციებს, ესაა „ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია, ეტიკეტირება და შეფუთვა” და „ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაცია, შეფასება ავტორიზაცია, შეზღუდვები”.
მან კომიტეტის წევრებს გაუზიარა ჩეხეთის გამოცდილება ქიმიური ნივთიერებების მართვის მიმართულებით. „ვფიქრობ, რომ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში უკვე განსახილველად შემოვა კანონპროექტთა პაკეტი და ვიმედოვნებ, რომ პროცესი სწორი მიმართულებით წავა, როგორც ინსტიტუციური მართვის, ასევე კანონპროექტის შემდგომი აღსრულების თვალსაზრისით”, – განაცხადა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები