გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადებებზე იმსჯელეს
„შქმერისა და მრავალძალის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტის შემუშავებას ითვალისწინებს მოქალაქეების: გრიგოლ გაგნიძის, რატი გაგნიძის, ლელა ჯოხაძისა და სოფო სულთანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება.
აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება, ონის მუნიციპალიტეტში შქმერისა და მრავალძალის ეროვნული პარკის შექმნის (საერთო ტერიტორია 20608 ჰა), ასევე ხუთი ბუნების ძეგლის და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის დაარსებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო წინადადების ინიციატორების განცხადებით აღნიშნული დაცული ტერიტორიების დაარსება მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, რაც მათი აზრით, ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
„ბოლო წლებში რამდენიმე დაცული ტერიტორია შეიქმნა და ჩვენი ხელისუფლების ტენდენცია, რომ დაცული ტეროტორიები იქმნებოდეს, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. დაცული ტერიტორიების მთავარი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ის ენდემური მრავალფეროვნება რომელიც შესწავლილია, აღწერილია და ვიცით რას ვიცავთ და მეორეს მხრივ, არ უნდა ვეცადოთ, რომ დაცული ტერიტორიების შექმნით სხვა მიმართულებები შევზღუდოთ. ასეთი მიდგომა დაცული ტერიტორიების იდეას აზიანებს”, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამად, პარლამენტში მთავრობიდან შემოსულია კანონპროექტი რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, რომლის მომზადებასაც ადგილზე ჩატარებული გარკვეული მნიშვნელოვანი სამუშაოები უძღვოდა წინ. მაია ბითაძის განცხადებით, ასეთი კანონმდებლობის შემუშავებისას მნიშვნელოვანია მრავალმხრივი ჩართულობა. მან ინიციატორებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტის განხილვაში.
შესაბამისად კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას. კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, წიაღის ეროვნული სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები. კიდევ ერთი საკანონმდებლო წინადადება, რომლის ინიციატორები საქართველოს მოქალაქეების ია სირანაშვილი და თამილა ლომიშვილი არიან, ცხოველთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას უკავშირდება.
„ავტორები გვთავაზობენ ცხოველთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას, რომელიც იქნება ცხოველთა უფლებების დაცვის გარანტი, იმდენად, რამდენადაც საყოველთაო ომბუდსმენი ცხოველთა წინაშე ჩადენილი დანაშაულს გაასაჩივრებს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ზედამხედველობას განახორციელებს გამოძიებასა და საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე. ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ ცხოველთა ომბუდსმენი მოახდენს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ცხოველთა თავშესაფრის კონტროლს”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მაია ბითაძის თქმით, ცხოველთა დამცველის, ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას აზრი ექნება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც იარსებებს რაიმე კანონმდებლობა ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით. რამდენადაც, მისი შეფასებით, წარმოდგენილ წინადადებაში არ არის ჩამოყალიბებული და ბუნდოვანია, როგორ უნდა იმუშაოს ომბუდსმენმა. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას.