გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მოისმინეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში და ასევე იმსჯელეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებათა პროექტზე.

საკითხი კომიტეტების სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ წლის პირველ ნახევარში მიღწეულმა ეკონომიკურმა ზრდამ, მთავრობას მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონში ზრდის მიმართულებით გარკვეული ცვლილების განხორციელების საშუალება მისცა.

„იანვარ-ივლისში საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 36,4%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი 2,2 მლრდ აშშ დოლარია, 34%-ით მეტი გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. იანვარ-ივლისში ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები1,6 მლრდ აშშ დოლარია, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 3,2-ჯერ მეტია. ამ წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს და შეადგენს 922,9 მლნ აშშ დოლარს.
შესაბამისად, მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება, რომელიც ორიენტირებულია ორი ძირითადი მიზნის მიღწევაზე: ბიუჯეტის დეფიციტის და მთავრობის ვალის შემცირება, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულყოფილი დაფინანსება და ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 2022 წელს ვალის აღების მაჩვენებელი მცირდება და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-ს 39,6%-ს შეადგენს, ნაცვლად დაგეგმილი 51%-ისა, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მშპ-ს 4,4%-დან მშპ-ს 3,2%-მდე მცირდება. გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს ასევე ის ცვლილებები გააცნო, რომელთა მიხედვით, დამატებითი თანხებით მოხდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულყოფილი დაფინანსება და ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. დამატებითი თანხები სხვადასხვა მიმართულებით არის გათვალისწინებული. მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები 2022 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 150.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 743,1 მლნ ლარის ოდენობით. მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წელს დაწყებული ახალი პროგრამის დასაფინანსებლად გამოიყოფა 40,0 მლნ ლარი; რთველის დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 40,0 მლნ ლარი; შეღავათიანი აგრო კრედიტების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 55,0 მლნ ლარი; პროგრამის – „დანერგე მომავალი” დაფინანსება გაზრდილია 10,0 მლნ ლარით; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ასიგნებები გაზრდილია 5,0 მლნ ლარით.
ორივე კომიტეტის წევრებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები