პარლამენტის სამი კომიტეტი ერთობლივ თემატურ მოკვლევას იწყებს – „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით”

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტები ერთობლივ თემატურ მოკვლევას იწყებენ თემაზე „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით”.

საკითხი სამი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე პარლამენტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, თემატური მოკვლევის მიზანს იმ გარემოებების დეტალური შესწავლა წარმოადგენს, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სექტორში ადამიანური რესურსების დეფიციტს იწვევს. გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, უამრავი პროფესიაა, სადაც თაობათა შორის არის წყვეტა და აუცილებელია ამ პრობლემის დროულად აღმოფხვრა.

„კვლევის მიზანს წარმოადგენს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებების პოტენციალის და ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა, იმ ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობის პრობლემებს განაპირობებს”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობაში სამივე კომიტეტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. კომიტეტები მოკვლევის საფუძველზე სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები