გაგლოევი: სამხრეთ ოსეთი უკრაინაში მიმდინარე რეფერენდუმს და სპეცოპერაციას მტკიცედ უჭერს მხარს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობა და ხალხი სრულად ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში რუსეთთან შეერთების საკითხზე მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმს უჭერს მხარს.
ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა.
მისი თქმით, ცხინვალი ასევე მტკიცედ უჭერს მხარს “რეგიონში მიმდინარე სპეცოპერაციას”.
“ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯები მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში მასობრივი სისხლისღვრის, მრავალწლიანი დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შეჩერებას და რუსეთის ფედერაციის უშუალო საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების აღკვეთას. რეგიონში მშვიდობის მიღწევა ურთულესი ამოცანაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიიღწევა“, – განაცხადა გაგლოევმა.
მისი თქმით, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ასევე გაიარა გრძელი, რთული და გმირული გზა აგრესიული, ნაციონალისტური საქართველოსგან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. დღეს, რუსეთის ფედერაციის დახმარების წყალობით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობს და საკუთარ მშვიდობიან მომავალს აშენებს. რესპუბლიკა მტკიცედ და სტაბილურად მიიწევს რუსეთთან ინტეგრაციის გზაზე. ინტეგრაციის საბოლოო შედეგად მივიჩნევთ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას”.
როგორც მან გაიხსენა,
ივნისში მოსკოვში გამართულ კონსულტაციებზე დადგინდა, რომ შესაბამისი შინაარსის ე.წ. რეფერენდუმის გამართვა არ იყო შეთანხმებული რუსულ მხარესთან და მისთვის დროული არ აღმოჩნდა.
„შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი ინტეგრაციის ვარიანტების ფართო საჯარო განხილვა, რეფერენდუმის საკითხზე საერთო აზრის გამოტანა, შემდეგ კი – შემდგომი კონსულტაციები რუსულ მხარესთან.
ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს რუსულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია ალან გაგლოევის განცხადებაში.