10 საქმე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ

  კანონის წინაშე ყველა თანასწორია – სწორედ ამ განმარტებას იშველიებს მმართველი გუნდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემის მიზანშეწონილობაზე ეკითხებიან.
ცხადია, ვინც დააშავა, პასუხი უნდა მოეთხოვოს და ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს სიმართლე, თუმცა სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების აღსასრულებლად იმ პირების გამოყენება, რომლებიც თავადაც არ მალავენ ექსპრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურ რევანშს, საზოგადოებაში გარკვეულ ეჭვებს ბადებს. მით უმეტეს, რომ სააკაშვილთან ერთად მათ მიმართაც არსებობს სერიოზული კითხვები.
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი პროცესის ავანგარდში მისი ყოფილი თანაგუნდელები – ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი არიან. ბურჯანაძის ჩვენებას ამჟამად აღარ ჩავუღრმავდებით, რადგან ამაზე „პრაიმტაიმი“ ერთხელ უკვე წერდა. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რას ამბობდა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილზე, როდესაც ამ უკანასკნელმა პოსტი დატოვა, ოპოზიციაში გადაბარგდა და სატელევიზიო ეთერით სკანდალური განცხადებები გააკეთა, მათ შორის იმაზე, როგორ უკვეთდა მიხეილ სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას. მაშინ ბურჯანაძე ოქრუაშვილის განცხადებებს ბინძურ ცილისწამებად აფასებდა და მეტი დამაჯერებლობისთვის, ვანო მერაბიშვილის სიტყვებსაც კი ციტირებდა.

„ჩვენი შეცდომის ერთ-ერთი „იდეალური“ მაგალითი არის სწორედ ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი. დღეს ბატონმა ვანომ, მართლაც, ძალიან კარგად ბრძანა, რომ მას ეუხერხულებოდა და რცხვენოდა, რომ ასეთი პიროვნება გვყავდა. კიდევ უფრო სირცხვილია, რომ ეს ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენს გვერდით იყო და ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. ძალიან დიდი გულისტკივილით ვამბობ ამას, ეს გულისტკივილი პრეზიდენტმაც თქვა და ეს არის თითოეული ჩვენგანის გულისტკივილი. ნამდვილად სირცხვილია, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ერთ-ერთ ლიდერად გვყავდა ადამიანი, რომელმაც იკადრა ის, რისი წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო. ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა აბსოლუტურად ჩაფლული ყველანაირ სიბინძურეში. ეს ჩვენთვის დიდი გაკვეთილია, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ“, – აცხადებდა ბურჯანაძე 2007 წელს, ოქრუაშვილის ცნობილი გამოსვლის შემდეგ.
ბედის ირონიით, დღეს ბურჯანაძეც და ოქრუაშვილიც სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების დაწერას ერთმანეთს ასწრებენ და როგორც იტყვიან, კალამს ვერ აგდებინებენ ხელიდან. სააკაშვილს, სავარაუდოდ, ბრალს კიდევ სხვა საქმეებზეც წაუყენებენ, თუმცა უხსნის თუ არა ეს პასუხისმგებლობას ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ანგარიშზეც არაერთი გახმაურებული საქმეა? ვისაც დაავიწყდა, უბრალოდ, შევახსენებთ, რომ სწორედ ოქრუაშვილი მიიჩნეოდა ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთ ავტორად და მას პოლიტიკური ოპონენტები მკაცრად აკრიტიკებდნენ.
ოქრუაშვილი ვალერი გელაშვილის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ პირველად სწორედ მას დაუკვეთა სააკაშვილმა გელაშვილზე ანგარიშსწორება, თუმცა მან დეპუტატის ცემას ხელი არ მოაწერა. მის ამ სიტყვებში ეჭვს არავინ შეიტანდა, რომ არა ის საქმეები, რომელზეც ოქრუაშვილს ხელი აქვს მოწერილი. ასეთი საქმეები კი არცთუ ისე ცოტაა.
დავიწყოთ 2004 წელს სოფელ კეხვში განვითარებული მოვლენებით… „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი იყო პირველი ჩინოვნიკი, რომელსაც სახალხო დამცველი (სოზარ სუბარი) მწვავედ დაუპირისპირდა. საუბარია კეხვის ინციდენტზე, როდესაც რუსეთიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს ოქრუაშვილი ქვეყანაში შემოსვლის უფლებას არ აძლევდა.

ოქრუაშვილი საქართველოში არ უშვებდა რუსეთიდან დეპორტირებულ ქართველებს, რომელთა შორის იყვნენ მძიმე ავადმყოფები, მეძუძური დედები და მცირეწლოვანი ბავშვები

2004 წლის 30 ოქტომბერს რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე, როკის გვირაბის გავლით, 5 ავტობუსი შემოვიდა, მათ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები მოაცილებდნენ. ავტობუსში სხვებთან ერთად იმყოფებოდა რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს 60-მდე მოქალაქე… ავტობუსებმა როკის გვირაბიდან სოფელ კეხვამდე გზა უპრობლემოდ გაიარეს (ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია). აქ ისინი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გააჩერეს (მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის უშუალო ბრძანებით), უკან გაბრუნება და კანონიერი გზით – ლარსის მხრიდან შემოსვლა მოსთხოვეს. ამ მოთხოვნას ყველაზე ხმამაღლა პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში, მიხეილ ქარელი (ქარელი ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრი და მისი ახლო მეგობარი გახლდათ) ახმოვანებდა. სახალხო დამცველი წერდა, რომ ეს იყო უკანონო და ანტიკონსტიტუციური ქმედება, რომელიც, აგრეთვე, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას… კეხვში შეჩერებული მგზავრების უკან გაბრუნება შეუძლებელიც იყო, რადგან იქ მყოფთა ნაწილს ამოწურული ჰქონდა ვიზის ვადა, ნაწილი დეპორტირებული იყო, ხოლო მგზავრთა ნაწილს შეადგენდნენ ავადმყოფები და მეძუძური დედები ბავშვებით.
სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც სუბარი საქართველოს პრეზიდენტს დაუკავშირდა. ამის შემდეგ, ოქრუაშვილს უკან დახევა მოუხდა. ორ ნოემბერს საქართველოს მოქალაქეებს კონფლიქტის ზონიდან გამოსვლის უფლება მისცეს. ისინი დროებით გორის საბაჟო ტერმინალში დააბინავეს. ირაკლი ოქრუაშვილისთვის კი არც მაშინ და არც ახლა, ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციის დარღვევისთვის, პასუხი არავის მოუთხოვია.

პროკურატურიდან საკაცით გამოყვანილ დავით მირცხულავას ინფარქტი და ინსულტი დაუდგინდა

ოქრუაშვილი, თითქმის ყველა პოსტზე, ომბუდსმენის კრიტიკის ობიექტი გახლდათ. დაწყებული გენერალური პროკურორობით, დამთავრებული თავდაცვის მინისტრობით. სწორედ ირაკლი ოქრუაშვილია გახმაურებული ტელედაჭერების ავტორიც… მისი ინიციატივით, ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრება კანონის აღსრულებაზე მეტად, ტელეშოუებს დაემსგავსა. მაშინ, სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში მოხვდა დავით მირცხულავას საქმეც, რომელიც ოქრუაშვილმა გენპროკურატურაში დაიბარა, იქიდან კი ენერგეტიკის ექსმინისტრი საკაცით გამოიყვანეს.
„2003 წლის 24 დეკემბერს გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა, რომელიც დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ამ დროს მას დაემართა ინფარქტი და ტვინის ინსულტი“, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
რა მოხდა ოქრუაშვილის კაბინეტში, დღემდე არავინ იცის. სამაგიეროდ, ყველასთვის კარგადაა ცნობილი შიდა ქართლში დიდი გაკულაკების შესახებ.

როგორ აიძულეს მეწარმე, 228 ათასად შეფასებული ბაზარი გორის გამგეობისთვის ეჩუქებინა?

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, შიდა ქართლში ქონების ხელახალი გადანაწილების პროცესი დაიწყო. „დიდი გაკულაკება“, როგორც ამას გორელები უწოდებენ, მიხეილ ქარელის (ოქრუაშვილის უახლოესი მეგობარი) გუბერნატორად დანიშვნის დღიდან იღებს სათავეს. ბიზნესმენი, რომელმაც საკუთარი ბაზარი, ინდსაწარმო „ლიახვი“ გორის გამგეობას აჩუქა, ჯემალ წიკლაურია. მას ოქრუაშვილის გარემოცვასთან პრობლემები ბაზარში საკონტროლო სასწორის არარსებობის გამო შეექმნა. წიკლაური 2004 წლის მარტში დააპატიმრეს. რწმუნებულ ქარელის მხრიდან ზეწოლა საპყრობილეშიც გაგრძელდა. პროკურატურის თანამშრომლების გარდა, ციხეში ქარელიც იყო შესული და ბაზრის ჩაბარებას მოითხოვდა. 4-თვიანი პატიმრობის შემდეგ, საკანში აიძულეს, ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ნოტარიულ აქტზე მოეწერა ხელი და თავისუფლების სანაცვლოდ, 228 000 ლარად შეფასებული ბაზარი გამგეობისთვის ეჩუქებინა.
„მეუბნებოდნენ, რომ გარიგება ხდებოდა პროკურატურასთან, ბოლოს დამიძახეს და განმიცხადეს, უნდა ჩაგვაბარო ობიექტიო“
შპს „კომერსანტი 95“-ის დოკუმენტაცია და საწარმო, გორის რაიონის პროკურატურამ 2004 წლის ივნისში (ამ დროს ოქრუაშვილი გენპროკურორის თანამდებობაზეა) დალუქა. პროკურატურის მიერ შედგენილ შუალედურ აქტს არ დაეთანხმა საწარმოს დირექტორი და ერთ-ერთი მეწილე თეიმურაზ ბლუაშვილი: „მე განვაცხადე პროტესტი და ვითხოვდი ექსპერტიზის ჩატარებას. ვხედავდი, რომ პროცესი მიდიოდა მიზანმიმართულად, თანხას კი სპეციალურად ბერავდნენ… ადვოკატის აყვანის საშუალება არ მომცეს. მეუბნებოდნენ, რომ გარიგება ხდებოდა პროკურატურასთან, საგანგაშო არაფერი იქნებოდა, თუ რაღაც თანხას ჯარიმის სახით გადავიხდიდი. თუმცა ბოლოს დამიძახეს და განმიცხადეს, ობიექტი უნდა ჩაგვაბაროო“.
გორის სამხარეო პროკურატურაში გარიგება რომ ვერ შედგა, თეიმურაზ ბლუაშვილი იმავე დღეს დააპატიმრეს და ქონება დაათმობინეს… „ქონების გადაცემა მაიძულა პროკურატურამ, პროკურატურა იყო შემსრულებელი, დამკვეთი კი – მხარის ხელმძღვანელობა“.

„ოქრუაშვილი მზად იყო, დაეწყო სამხედრო ოპერაცია იმ პირობებშიც კი, როდესაც ცხინვალის რეგიონი სავსე იყო მშვიდობიანი მოქალაქეებით“

დღეს პროკურატურა სწავლობს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმესაც, ამიტომაც აქვე საინტერესო იქნება, მკითხველს შევახსენოთ, რომ 2008 წლამდე იყო 2004 წელი, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი ცხინვალში ტანკებით შესვლას აპირებდა. ეს ფაქტი ღიად დაადასტურა რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, აწ გარდაცვლილმა ეროსი კიწმარიშვილმა.
„მაშინ საქართველოს მთავრობაში ოქრუაშვილი ერთადერთი იყო, ვინც ცხინვალზე შეტევის ინიციატივას ემხრობოდა, თუმცა მისი იდეა არ გაიზიარეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა ჟვანიამ, ასევე, ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა. მაშინ ოქრუაშვილის მცდელობა, დაეწყო შტურმი სამხრეთ ოსეთზე, კრახით დასრულდა. ის მზად იყო, დაეწყო სამხედრო ოპერაცია იმ პირობებშიც კი, როდესაც ცხინვალის რეგიონი სავსე იყო მშვიდობიანი მოქალაქეებით“, – განაცხადა კიწმარიშვილმა აგვისტოს ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე.
სურგულაძე მინისტრის დაცვას ჰყავდა გაკავებული, თავად მინისტრი კი მას პირადად უსწორდებოდა
დღეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია… ამ ბრალდებით პასუხისგებაში არაერთი პირიც მიეცა, მათ შორის ბაჩო ახალაია, თუმცა მსგავს დანაშაულში თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილსაც ამხელდნენ.
ეს ისტორია აჭარაში დღესაც ახსოვთ და როცა ირაკლი ოქრუაშვილის დაუნდობლობაზე ლაპარაკობენ, სხვასთან ერთად, ამ ისტორიასაც ყვებიან. თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა სასტიკად სცემა აჭარის პარლამენტის წევრი, პროფესორი კახა სურგულაძე, იმხანად „ნაცმოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი.
ეს ის დროა, როცა თავდაცვის სამინისტრომ რეზერვისტთა მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყო. მაშინ რეზერვში თანამდებობის პირებიც გაიწვიეს, მათ შორის სურგულაძეც იყო. ის აჭარის ბატალიონს ხელმძღვანელობდა.
ინციდენტი 2005 წლის ზაფხულში ახალციხეში მოხდა. ვარჯიშიდან ჯერ ერთი კვირაც არ იყო გასული, ბატალიონს მოულოდნელად, შემოწმების მიზნით, თავზე ირაკლი ოქრუაშვილი რომ დაადგა. მინისტრმა ბატალიონის სამწყობრო მომზადება ბრძანა. თან ისე ჩქარობდა, თითქოს ეს ის ბატალიონი იყო, რომლითაც სამაჩაბლოს დაბრუნებას აპირებდა. სურგულაძემ ბატალიონი „სმენაზე“ დააყენა, მწკრივში სამი კაცი არ იდგა და ოქრუაშვილს ჯერ კიდევ მაშინ აემღვრა თვალები. საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ოქრუაშვილმა დეპუტატი წიხლქვეშ წაიგდო და თან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. სურგულაძე მინისტრის დაცვას ჰყავდა გაკავებული, თავად მინისტრი კი მას პირადად უსწორდებოდა. ბათუმის #1 საავადმყოფოში სურგულაძეს დაუსვეს დიაგნოზი: თავის ქალის მრავლობითი დაზიანება, ტვინის შერყევა, სახეზე მრავლობითი დაჟეჟილობები, სისხლჩაქცევები…

ქარელი: ოქრუაშვილს მისთვის არაერთი არასასიამოვნო ისტორიის გახსენება მოუწევს

დღეს ოქრუაშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას, თუმცა საკმაოდ ბევრნი არიან ისეთებიც, რომლებიც თავად ოქრუაშვილის წინააღმდეგაც სიამოვნებით მისცემენ ჩვენებებს. ამ ჩამონათვალში, მის მიერ დაზარალებულ პირებთან ერთად, მისივე ყოფილი მეგობრებიც იქნებიან.
მაგალითად, ცოტა ხნის წინ, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ოქრუაშვილის ყოფილ თანაგუნდელსა და ახლო მეგობარს, მიხეილ ქარელს არ დაუმალავს, რომ მზადაა, საქართველოში ჩამოვიდეს და პროკურატურას ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.
„მისი პოლიტიკის შედეგი იყო, რომ საბოლოოდ სრული კრახი განიცადა ჩვენმა ბრძოლამ. მისი ე.წ. პოლიტიკური გათვლები, მძიმედ დააწვა ჩვენს ყოფას. მოვა დრო, რომ ამ ყველაფერზე იქნება მსჯელობა და გამოითქმება შეფასებები ოქრუაშვილის უღირს ქცევებთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკაში, ასევე მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ურთიერთობაში… ის ყველა ჩვენგანისგან ითხოვდა იმას, რომ გავჩუმებულიყავით, არ უნდა გველაპარაკა, რომ მან შეცდომები დაუშვა, ბევრი უღირსი საქციელი ჩაიდინა და ა.შ. მისი მუქარები იმდენად გაგრძელდა, რომ გარკვეულ საზღვრამდე მივიდა და, ბოლოს და ბოლოს, პასუხი უნდა აგოს ოქრუაშვილმა. მის სითავხედესა და ფარისევლობასაც უნდა ჰქონდეს საზღვარი და, ბუნებრივია, ჩვენი რეაქციაც ადეკვატური იქნება. ოქრუაშვილის პროვოკაციები მუდმივად იყო ქვეყნის დაშლის საფრთხის მატარებელი. სამწუხაროდ, მაშინ მეგონა, რომ ამ გადაწყვეტილებებს ცენტრალური ხელისუფლება იღებდა. შემდგომ კი გაირკვა, რომ ოქრუაშვილი ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებდა და ამით აგრძნობინებდა დანარჩენ ხელისუფლებას, ვინ იყო ლიდერი ქვეყანაში, ვინ იყო ლიდერი რეგიონში, ვინ იყო ლიდერი ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში. მის ასეთ ნაბიჯებს რა შედეგები მოჰყვა, ყველამ იცის. თუმცა, არის ბევრი დეტალი, რომელიც საზოგადოებამ არ იცის, თუნდაც რა ხდებოდა შიდა ქართლში და არამარტო იქ. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერზე მე უნდა ვაგო პასუხი, რადგან ვიყავი გუბერნატორი და ამ დროს ოქრუაშვილი თურმე არაფერ შუაში ყოფილა. ავიღოთ თუნდაც ქონების ჩამორთმევის თემა. ამაზე, რა თქმა უნდა, ვრცლად მომიწევს საუბარი და არამარტო ამაზე… და ოქრუაშვილს მისთვის არაერთი არასასიამოვნო ისტორიის გახსენება მოუწევს“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მიხეილ ქარელმა.

სოსო რობაქიძე: „არსებობს მოწმე, რომელიც აცხადებს, რომ იარაღი ერთ-ერთი განყოფილებიდან შემთხვევის ადგილზე სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის დავალებით მიიტანეს“

სააკაშვილთან ერთად ოქრუაშვილის დასჯას კატეგორიულად მოითხოვს 2004 წელს, წერეთლის გამზირზე, სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ბუტა რობაქიძის ოჯახიც. გარდაცვლილის მამა, სოსო რობაქიძე ირწმუნება, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი პირადად ოქრუაშვილის ბრძანებით მიიტანეს.
„არსებობს მოწმე, რომელიც აცხადებს, რომ იარაღი ერთ-ერთი განყოფილებიდან შემთხვევის ადგილზე სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის დავალებით მიიტანეს. იმ კასეტის მონტაჟი კი, რომელიც დონაძემ წარმოადგინა, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის დავალებით განხორციელდა. ამიტომაც მე არ მოვისვენებ, მანამ სანამ ირაკლი ოქრუაშვილი არ აგებს პასუხს“, – აცხადებს რობაქიძე და დასძენს, რომ სამართლიანობის აღსადგენად ის ბოლომდე იბრძოლებს.
თავად ირაკლი ოქრუაშვილი კი ამ საქმეზე პროკურატურამ ჯერ კიდევ 2013 წლის 16 იანვარს დაკითხა. „პრაიმტაიმს“ ხელში ჩაუვარდა ჩვენება, რომელიც ოქრუაშვილმა ბუტა რობაქიძის საქმეზე მისცა.
„ამ ფაქტზე დეტალური ინფორმაცია არ გამაჩნდა. როდესაც მასმედიის საშუალებებით გავიგე, რომ დაკავებულებისთვის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები იყო ჩადებული, დავინტერესდი საქმის გარემოებებით, თუმცა შს სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან მიღებული ინფორმაციით, ვიცოდი, რომ დაკავებულებს ნამდვილად ჰქონდათ საბრძოლო მასალები და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი“, – ამბობს შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხვის დროს.
„დაბომბეთ სოფელი ჩხალთა, დაადუღეთ, გადაბუგეთ ყველაფერი“
ოქრუაშვილი იყო თავდაცვის ის მინისტრი, რომელიც პრაქტიკულად ხელმძღვანელობდა 2006 წელს კოდორის ხეობაში ჩატარებულ სოპეცოპერაციას, რის შედეგადაც ხეობის ყოფილი გუბერნატორი ამბოხებაში ამხილეს. კვიციანის ადვოკატის ინფორმაციით, ხეობის მიწასთან გასწორების ბრძანება უშუალოდ თავდაცვის სამინისტროდან და ირაკლი ოქრუაშვილისგან მოდიოდა.
„დაბომბეთ სოფელი ჩხალთა, დაადუღეთ, გადაბუგეთ ყველაფერი, ემზარ კვიციანისა და ნორა არღვლიანის სახლებიდან არაფერი დარჩეს“, – ასეთი ბრძანება მიიღეს მფრინავებმა 2006 წელს, როდესაც ოქრუაშვილის ინიციატივით კოდორში ქართული ჯარი შეიყვანეს.

P.S. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რომელიც სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის სახელს უკავშირდება. ამ ფონზე მისი დღევანდელი ჩვენებები არათუ ხელს უწყობს სამართლიანობის აღდგენას, არამედ პირიქით, შესაძლოა, აზარალოს კიდეც ეს პროცესი, ვინაიდან ოქრუაშვილი-ბურჯანაძის ფაქტორი სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ ელფერს სძენს.

მირიან ბოქოლიშვილი გაზეთი “პრაიმატიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები