რა მკვლელობები უკავშირდება ბადრი პატარკაციშვილის სახელს

  ბურუსით მოცული ორი მკვლელობა, რომელიც პატარკაციშვილის სახელს უკავშირდება, პირადად, ჩემთვის ეს არის ისტორია ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორი ძალაზე, რომელიც ერთმანეთს პოლიტიკის კი არა, სიძულვილის ენაზე ელაპარაკებოდა. მათ ერთმანეთი ვერ აღიქვეს ხელისუფლებად და ოპოზიციაც. სიძულვილმა ისინი მტრებად აქცია… კომპრომატების ომმა კი საბოლოოდ სპირალის ფორმა მიიღო და ორივე მათგანი აბსურდამდე მიიყვანა. სააკაშვილის ხელისუფლებაც აცხადებდა, რომ ბადრი პატარკაციშვილი სერიოზული პოლიტიკური მკვლელობისთვის ემზადებოდა და პატარკაციშვილიც ამბობდა, რომ ხელისუფლებას მკვლელობები აქვს შეკვეთილი. ახლა გოგა ხაინდრავა დასახელდა, მაშინ გიორგი თარგამაძე, რომლის მოკვლასაც თითქოს ბადრი პატარკაციშვილი ცდილობდა, ბადრი პატარკაციშვილი კი ის ერთადერთი ფიგურა იყო, ვისი მოკვლის ბრძანებაც თითქოს სააკაშვილმა გასცა… ჩემთვის ერთიც დაუჯერებელია და მეორეც. ეს იმის კლასიკური მაგალითია, რამდენად ტრაგიკული შეიძლება იყოს ადამიანებისთვის პოლიტიკაში სიძულვილი და რამდენად დამანგრეველი – ქვეყნისთვის მტრობა. კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ბადრი პატარკაციშვილის თანამებრძოლები იყვნენ, მასთან პირად საუბრებს იხსენებენ. პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, როგორც თავად ამბობენ, ბადრიმ რამდენიმე მეგობარს უთხრა: როგორც ჩანს, ახლა ჩემი რიგია, ისინი ჩემს მოკვლასაც ეცდებიანო… ზუსტად არ ასახელებენ ციფრს, თუმცა, ამბობენ, რომ ბადრიმ დიდი ფული გადაიხადა საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ჟვანიას სიკვდილიდან 6 თვეში იმ პირსაც მიაგნო, ვისაც პატარკაციშვილის ლიკვიდაცია ჰქონდა დაგეგმილი. როგორც იხსენებენ, ბადრიმ ჩეჩენ „ბოევიკს“ აღიარებისთვის 250 ათასი დოლარი გადაუხადა, თუმცა, გაცილებით მეტი დახარჯა, მკვლელის კვალისთვის რომ მიეგნო… უკვე ოპოზიციაში გადასულმა თავდაცვის მაშინდელმა ექსმინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა მას პატარკაციშვილის მკვლელობა შეუკვეთა, თუმცა, მან ამ დავალების შესრულებაზე უარი განაცხადა, ასეა მისი ჩვენების მიხედვით. უფრო ადრე კი ღიად პრემიერ ჟვანიას გარდაცვალებაზე თქვა, რომ ეს მკვლელობა არ იყო. თუმცა პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი წევრები იხსენებენ, რომ ბადრის პრობლემები სწორედ მაშინ გაუჩნდა, როცა პრემიერის გარდაცვალების ტრაგიკული ვერსია არ დაიჯერა და საკუთარი უსაფრთხოებისთვის დაიწყო ბრძოლა.
მეორე მხრივ, როცა ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა უკვე პოლიტიკოს ბადრი პატარკაციშვილს ჰკითხა: ასეთი მდიდარი ადამიანი ხართ, ყველაფერი გაქვთ, რაც შეიძლება ადამიანმა მოისურვოს, რატომ წახვედით პოლიტიკაშიო, მან უპასუხა: იმიტომ რომ მოწყენილი ვარო… ისე გამოვიდა, რომ ბადრი აზარტსა და თავგადასავლებს ეძებდა… მას მაშინ არაფერი უთქვამს არც ჟვანიას გარდაცვალებაზე, არც მის პირად უსაფრთხოებაზე… თუმცა ვალერი გელბახიანი დარწმუნებულია, რომ ბადრი პატარკაციშვილი, უბრალოდ, იძულებული იყო, მაშინ თავი დაეცვა. მაგალითისთვის მან პოლკოვნიკ ჭანკვეტაძის შემთხვევა მოიყვანა. „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა: – ჩვენ 2007 წლის დეკემბრის დასაწყისში მივიღეთ ინფორმაცია, რომ კოდუას უწყება 6 ოფიცერს „ამუშავებდა“, რათა გოგა ხაინდრავასთვის შეიარაღებული გზით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაედოთ ბრალი!
ეს ექვსი ოფიცერი აწამეს და ვიდეოჩვენებები მიაცემინეს, თითქოს მათ გოგა ხაინდრავამ 500 ათასი დოლარი გადაუხადა, რათა იარაღი ეყიდათ! მეტიც, იარაღის ნაწილი ვითომ უკვე შეძენილი ჰქონდათ! როცა ეს ინფორმაცია მივიღეთ, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და გავედით ერთ ადამიანზე – პოლკოვნიკ ჭანკვეტაძეზე, რომელსაც უსაფრთხოების გარანტიები მივეცით და დავითანხმეთ, ჩვენთვის ვიდეოჩვენება მოეცა, როგორ აიძულებდნენ მას და სხვა ოფიცრებს გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას! ამის შემდეგ პოლკოვნიკი ჭანკვეტაძე უსაფრთხოების მიზნით საზღვარგარეთ გავუშვით, ხოლო მე 17 დეკემბერს პრესკონფერენცია მოვაწყვე და მისი ვიდეოჩვენება საჯაროდ გავუშვი. ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, მაშინვე უარყო, ასეთ რამეს არ ვგეგმავდით, პირველად გვესმისო და უკან დაიხია! ასე გადაურჩა დაჭერას გოგა ხაინდრავა! პირადად ბადრის ინიციატივა იყო, რომ გოგა ხაინდრავა როგორმე დაჭერას გადაერჩინა! ახლა გეკითხებით, თუ პატარკაციშვილს ხაინდრავას თავიდან მოშორება უნდოდა, ყველაფერს გააკეთებდა, რომ ის დაჭერისგან გადაერჩინა?! ვალერი გელბახიანმა მოგვიანებით განმარტა, რომ გერმანიიდან დაბრუნებული ჭანკვეტაძე რამდენიმე ხანში ქუჩაში მოკლული იპოვეს, თუმცა ეს საქმე დღემდე გახსნილი არ არის. სხვა შემთხვევასაც იხსენებენ, როცა პროკურატურამ მაშინ ბადრი პატარკაციშვილის შტაბის წამყვანი ფიგურების დაკითხვები მასობრივად დაიწყო, მცხეთაში ვინმე მანსურაშვილი დაკითხვის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ ინფორმაციით დაურეკეს ოჯახს, პროკურატურაში მისულმა მანსურაშვილის შვილმა ეს ვერსია გააპროტესტა და პროკურატურამ ახლა ის შეიყვანა დასაკითხად, თუმცა, ოფიციალური ვერსიით, დაკითხვის დროს მასაც გული გაუჩერდა… ამბობენ, რომ მაშინ ეს შემთხვევა გასაჯაროვდა, თუმცა, მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
ქეთი ხატიაშვილი გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები