“დასავლეთი ჩვენს ტერიტორიაზე “რბილ ძალას იყენებს” – აფხაზეთში ბერგჰოფის ფონდის საქმიანობა გამკაცრდება
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, ე.წ. რესპუბლიკაში დასავლეთი ბერგჰოფის ფონდის მეშვეობით “თავის ტრადიციულ სტრატეგიას ახორციელებს”.
მისი თქმით, აშშ თავის მიზნებს, უპირველეს ყოვლისა, „რბილი ძალის“ დახმარებით აღწევს“, რაც გამოიხატება იმაში, რომ „პირველ, მოსამზადებელ ეტაპზე ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება ხდება – ნდობის იმიჯის შესაქმნელად, იქმნება სპეციალური ფონდები, რომლებიც აწყობენ ჰუმანიტარულ აქციებს, კონფერენციებს, ამყარებენ აქტიურ ურთიერთობას ახალგაზრდებთან, ჟურნალისტებთან. მაგრამ შემდგომში თანდათან ხდება მიდგომების რადიკალიზაცია, კერძოდ, პირდაპირი ზეგავლენა საზოგადოებრივ აზრზე, მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზება, ხელისუფლების ხელში შემდგომი ჩაგდებით და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილება“.
სწორედ ასეთ “საშიშ” ფონდად ასახელებს არძინბა ბერგჰოფის ფონდს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც “აფხაზეთში ატარებენ ტრენინგებს, სემინარებს ტოლერანტობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ, ეწყობა კონფერენციები მესამე ქვეყნებში, სხვადასხვა საკითხზე აფხაზეთიდან და საქართველოდან სპეციალისტების მონაწილეობით, ყველაფერი კეთდება, რომ მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია საქართველოსთან და პროგრამა „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ მიზნის მისაღწევად”.
მისი თქმით, რამდენიმე წელია, ბერგჰოფის ფონდის ინიციატივით, ეწყობა ონლაინშეხვედრები და დისკუსიები “აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებთან პირდაპირი დიალოგის დამყარების მიზნით, ომის შემდეგ ე.წ. შერიგებისა და პატიების თემაზე”.
„ეს შეხვედრები, განსაკუთრებით – ონლაინ ფორმატში, ტარდება უკონტროლოდ, აფხაზეთის ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე და აშკარად ხელს უწყობს საქართველოს განვითარების პროგრამის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, – განაცხადა ე.წ. მინისტრმა.
მისი თქმით, ბერგჰოფის ფონდს აფხაზეთში მუშაობის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს – “ორგანიზაციას რესპუბლიკაში რეგისტრაციაც კი არ აქვს და ფონდის დამფუძნებლები და პარტნიორები არიან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და სხვა სტრუქტურები, რომლებიც ჩართულნი არიან აფხაზეთის იზოლაციის პოლიტიკის განხორციელებაში”.
“ჩვენ განსაკუთრებულ კონტროლზე ავიყვანთ ბერგჰოფის ფონდთან ნებისმიერ ურთიერთქმედებას. გთხოვთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გარეშე არ შეხვიდეთ დიალოგში ფონდის თანამშრომლებთან, არ გამართოთ რაიმე ღონისძიება ან ონლაინდისკუსია”, – განაცხადა ინალ არძინბამ.