ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენები დაასრულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში შექმნილმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის თემატური მოკვლევის ჯგუფმა, შემაჯამებელი ზეპირი მოსმენა გამართა.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ბაია კვიციანმა შეხვედრის მონაწილეებს მოკვლევის ანგარიშის პროექტი გააცნო და ჯგუფის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა. მომხსენებელმა მოკვლევის ფარგლებში შემოსული წერილობითი და ზეპირი მოსაზრებების, მიზნობრივ ჯგუფებთან ჩატარებული განხილვებისა და განხორციელებული კვლევების შედეგად გამოვლენილ მიგნებებზე ინფორმაცია წარადგინა და თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, თემატური მოკვლევის საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტმა საქართველოს რეგიონებში არაერთი შეხვედრა გამართა. სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრისას საინტერესო და მოცულობითი ინფორმაცია მოგროვდა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება მოხდა.

„ახლა უკვე მნიშვნელოვანია შესაბამისი სამინისტროების მხრიდან მოვისმინოთ თუ როგორი ხედვა აქვთ იმ გამოწვევებსა და იმ საკითხებზე, რომელიც ანგარიშის პროექტშია მოცემული. ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ რეკომენდაციების კიდევ უფრო დახვეწა მოხდება და ერთობლივი მუშაობით არსებული პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტას შევძლებთ”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა, თამარ მახარაშვილმა და ნუნუ მიცკევიჩმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა ეთნიკური უმცირესობების განათლების კუთხით სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, პოლიტიკურ ხედვასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მომხსენებლებმა თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გატარებული სამუშაოები მნიშვნელოვნად შეაფასეს და წარმოდგენილი ანგარიშის პროექტის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, ერთობლივ მუშაობაზე მზაობა გამოთქვეს.

„თემატური მოკვლევის ჯგუფის შეხვედრაზე, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს, ჩვენი საბოლოო ანგარიშის სამუშაო ვერსია გავაცანით და ჩვენს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოვისმინეთ. შევთანხმდით, რომ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე პოზიციების შეჯერების შემდეგ, საბოლოო დოკუმენტი მომზადდება, რომელიც პარლამენტის ბიუროს და პლენარულ სხდომას წარედგინება. თემატური მოკვლევის ჯგუფი, საბოლოო ანგარიშის მომზადების მიზნით, დამატებით რამდენიმე სამუშაო შეხვედრას გამართავს, რათა მათი შესრულება რეალურ დროში გაიწეროს. თემატური მოკვლევის ჯგუფი რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში აქტიურ მონიტორინგს განახორციელებს”, – განაცხადა მთავარმა მომხსენებელმა, ბაია კვიციანმა.

ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ჩატარებული თემატური მოკვლევა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები