კახა კალაძე: სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დგას ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე
სპეცოპერაციაში მონაწილე თითოეული სამართალდამცველის პროფესიონალიზმზე დგას ქვეყნის უსაფრთხოება, წესრიგის დაცვა და მოქალაქეების სიმშვიდე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
დედაქალაქის მერმა სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.
„გუშინ მთელი საქართველო დაძაბული ადევნებდა თვალს ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს. ეს იყო ძალიან მძიმე დღე, რომელიც, საბედნიეროდ, კარგად დასრულდა. სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებაში დიდია ჩვენი სამართალდამცველების წვლილი. პროფესიონალურად ჩატარებულმა სპეცოპერაციამ მოიტანა ის შედეგი, რომ მძევლად მყოფი ყველა მოქალაქე უვნებლად დაუბრუნდა ოჯახს და დაკავებულია მძარცველი. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სპეცოპერაციაში მონაწილე თითოეულ სამართალდამცველს“, – განაცხადა კახა კალაძემ.