ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ინარჩუნებს იმ მშვიდობის კუნძულის ადგილს, რომელიც უნდა იყოს მთელ რეგიონში განვითარების ერთ-ერთი ეპიცენტრი

„თუ პოლიტიკურ პარტიას საკუთარი უპერსპექტივობა თვალწინ უდგას, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ან ჩვენი პოლიტიკური კურსი არის უპერსპექტივო. სწორედ ამ მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველო ინარჩუნებს განვითარების ტემპს, საქართველო ინარჩუნებს იმ მშვიდობის კუნძულის ადგილს, რომელიც უნდა იყოს მთელ რეგიონში განვითარების ერთ-ერთი ეპიცენტრი”, – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან საჭიროა პარლამენტში გაცილებით უფრო საგნობრივი მუშაობა და არა – სასოწარკვეთილი განცხადებების კეთება.

„მოგიწოდებთ, რომ საგნობრივად ვიმუშაოთ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე. თითოეულ სამუშაო ჯგუფში რეალური დისკუსია მიმდინარეობდა ყველა საკითხთან დაკავშირებით. იყო უამრავი საკითხი, რაზეც მოხდა კონსენსუსის მოძებნა, რაც უკვე საკანონმდებლო ინიციატივებში პოულობს ასახვას. თუ ჩვენ რეალურად ვიმუშავებთ და ჩავწვდებით პრობლემების შინაარსს – არ არის ისეთი საკითხი, რაც მოგვცემს იმის განცხადების გაკეთების საშუალებას, რომ ქვეყანა სასოწარკვეთილების და უფსკრულის წინაშე დგას და ქვეყანა იღუპება. ასე არ ფიქრობს ხალხი.
ყოველდღიურად, ოპოზიციური არხების გარკვეული ნაწილის და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ამის კულტივირება არ აღიქმება მოსახლეობაში რეალობად. არჩევნები იქნება ყველაფრის გადამწყვეტი, როგორც აქამდე ცხრაჯერ გადაწყვიტა არჩევნებმა და მომავალ არჩევნებში უკვე კიდევ უფრო დახვეწილი და თანამედროვე სისტემით გადაწყვეტს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები