საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი დააინიცირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილების თაობაზე კანონპროექტი დააინიცირა.

კანონპროექტი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ინსტიტუციების მიმართ პარლამენტის საზედამხედველო და მაკონტროლებელი ფუნქციის გაძლიერების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შექმნილ პროდუქტს გავიტანთ პარლამენტში, დავამტკიცებთ და ამით ჩვენს წვლილს შევიტანთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე“, – განაცხადა მომხსენებელმა, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე საკითხის წარდგენისას ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფმა, რომელიც პარლამენტის წევრებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება, ექვსი შეხვედრა ჩაატარა. მისივე თქმით, კანონპროექტი მსჯელობისა და აქტიური საქმიანობის შედეგად შემუშავდა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, რომელზეც, მისივე განმარტებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე გამახვილდა ყურადღება.

„უნდა გაიზარდოს ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის – კერძოდ, გაიზრდება ინტერპელაციის სიხშირე და სასესიო მუშაობის ყოველი თვე იქნება პარლამენტში ინტერპელაციის თვე, გარდა ივნისისა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ისედაც მოდის პარლამენტში მიმდინარე წლის ანგარიშით მთავრობის მთელ შემადგენლობასთან ერთად და დეკემბრისა, როდესაც საბიუჯეტო კანონის განხილვა მიმდინარეობს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ცვლილება ხორციელდება მინისტრის საათთან, თანამდებობის პირის კომიტეტების სხდომებზე მოწვევის სიხშირისა და გამოცხადების საკითხთან, ასევე, კომიტეტის თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით.

„აღვნიშნავ იმასაც, რომ რეგლამენტი საკმაოდ დატვირთულია იმ მექანიზმებით, რომელიც საპარლამენტო კონტროლისთვის არის საჭირო. კვლევებმაც გვიჩვენა, რომ ამ მექანიზმების აქტიურად გამოყენება არის მნიშვნელოვანი და ის რეზერვი, რასაც კანონი გვანიჭებს, პარლამენტსა და რაც რეგლამენტშია ასახული, ბოლომდე იქნეს გამოყენებული და ათვისებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილების ინიცირების საკითხს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები