გია ხუხაშვილი – ლოგიკურია ის, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს
ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პროკურატურის განცხადებებს აფასებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეტენზია ლოგიკურია, რადგან პროკურატურამ მათ მიმოწერას თავად დაადო გრიფი „საიდუმლო“ და შემდეგ თავადვე დაიწყო შინაარსზე საუბარი. ამასთან, როგორც გია ხუხაშვილი „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ითხოვს ვინმეს დასჯას, ის პროკურატურის მიმართ შენიშვნას გამოთქვამს. ექსპერტი განვითარებულ მოვლენებს ტექნიკურ შეცდომად აღიქვამს. მისივე თქმით, პროკურატურა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარ განცხადებებში სხვადასხვა რამეზე საუბრობენ.
„გასაკვირია, რა არის საპოლემიკო. როგორც მე მივხვდი, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმის დოკუმენტების გასაჯაროებაზე, პრეზიდენტის აპარატი კი – პროკურატურასა და მას შორის მიმოწერის გასაჯაროებაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაცია სულ სხვა დოკუმენტებზე საუბრობს, რომელსაც პროკურატურომ თავად დაადო გრიფი „საიდუმლო“ და მერე ამაზე თვითონვე დაიწყო საუბარი. არა მგონია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობაზე აკეთებდეს აქცენტს. უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ პროკურატურის მიერ არის გრიფი დადებული, რითაც აჩვენებს, რომ მიმოწერა უნდა იყოს საიდუმლო. ამის შემდეგ თვითონ იწყებს საუბარს, და მეორე მხარე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქმის კურსში აღარ ჩააყენეს.
ჩემი აზრით, ლოგიკურია ის, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს – თუ ეს არ იყო საიდუმლო მიმოწერა, მაშინ გრიფი რატომ დაადე და თუ გრიფი დაადე ჩემთან შეთანხმების გარეშე რატომ დაიწყე ამაზე ლაპარაკიო? არა მგონია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამის გამო ვინმეს დასჯას ითხოვდეს. უბრალოდ ეს არის შენიშვნა. შეიძლებოდა არც გასაჯაროებულიყო და ერთმანეთში გაერკვიათ. დანაშაულის ნიშნებს მეც ვერ ვხედავ. ეს არის ტექნიკური შეცდომა“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს. ხელისუფლებაში არსებობს აზრის სხვადასხვაობა, კონკურენცია, დისკუსია, რაც სასიკეთო და ჯანსაღი პროცესია. „ამას შეიძლება დავარქვათ კონკურენცია, დისკუსია, თუნდაც მწვავე. დრამატული არაფერია. როგორც ჩანს, არის აზრის სხვადასხვაობა, რაც კარგია და პოზიტიურად უნდა შევხედოთ. ღმერთმა არ ქნას, ყველამ ერთ ხმაში ილაპარაკოს. თუ ოპონირება ხდება, ეს ჯანსაღი პროცესის მაჩვენებელია“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.