ალექსანდრე დარახველიძე შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირად წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირად წარმომადგენლებს: რეჯინა პოლაკს, ენდრიუ ბეიკერს და ისმაილ ჰაკი მუსას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლები – ტატიანა პერიჩი და მიკოლაი ვჟეჩენკოვსკი, აგრეთვე, ეუთო-ს პოლონეთის თავმჯდომარეობის სპეციალური მრჩეველი – ევა საპიეზინსკა.
„შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებას.
შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია ქვეყანაში ტოლერანტობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვევების შეფასება.
შეხვედრის დასასრულ, ალექსანდრე დარახველიძემ შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარეობის პირად წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.