„პროკურატურას შესაბამისმა სამსახურმა მისცა დასკვნა, რომ შესაძლებელია მასალის გასაჯაროება“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სდსს-ს ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ მასალებზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნის ფაქტს აფასებს. ბესელიას განცხადებით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა გაურკვევლობას. მისი თქმით, პროკურატურას შესაბამისმა სამსახურმა მისცა დასკვნა, რომ შესაძლებელია ამ მასალის დიდი ნაწილის გასაჯაროება. „მე ვფირობ, რომ როგორც ჩანს, იყო გაურკვევლობა, მაგრამ ახლა არის ის პროცესი, რომელიც სამართლებრივი პროცედურებით მიმდინარეობს. საქართველოს კანონმდებლობით საიდუმლო გრიფის მოხსნის სპეციალური წესები არსებობს. პროკურატურამ გაიარა ეს პროცედურა, შესაბამისმა სამსახურმა დასკვნა მისცა, რომ შესაძლებელია ამ მთელი მასალის დიდი ნაწილის განსაჯაროება, ანუ საიდუმლო გრიფის მოხსნა, რომელიც არ ექვემდაბერებოდა საიდუმლო გრიფს. როგორც ჩანს, სააკაშვილს სურდა, დაეფარა ის უკანონო ხარჯები, რომელსაც ის იღებდა, ფარავდა, ხარჯავდა“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, „რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის“. მარგველაშვილის განცხადებას პროკურატურასა და შსს-ში უპასუხეს, სადაც განმარტავენ, რომ პრეზიდენტის განცხადება უსაფუძვლოა.