დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ციფრული ეკონომიკის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ თემატურ მოკვლევას იწყებს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ციფრული ეკონომიკის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ თემატურ მოკვლევას იწყებს. თემატური მოკვლევის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
ეკა სეფაშვილის თქმით, ციფრული ეკონომიკა დღევანდელი მსოფლიოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და საქართველოც ამ მიმართულებით ვითარდება, რაც, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებისთვის, არამედ ქვეყანაში დემოკრატიული განვითრებისა და მდგრადობის უზრუნველყოფისათვის. „ეს არის იმ მნიშვნელოვანი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშგებას, ასევე მოსახლეობის მეტ ჩართულობას ნებისმიერ პროცესში, იქნება ეს გადაწყვეტილების მიღება თუ აღსრულებასთან დაკავშირებული პროცესები. ამდენად, ჩვენმა კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა, შევისწავლოთ რა ვითარებაა ქვეყანაში, როგორია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არეგულირებს ამ სფეროს, როგორია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების დონე და ბიზნესისა და მომხმარებლის მზაობა ამ სერვისების დანერგვისა თუ მათი მოხმარების მიმართულებით”,- განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თემატურ მოკვლევაში პარლამენტის წევრებთან ერთად, მთავრობის, ბიზნესის, აკადემიური წრეების და კერძო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. თემატური მოკვლევა USAID-ის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდება.