ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ დაამტკიცა.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური იტყობინება.
„დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო კოდექსის ზოგადი წესები გავრცელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელშეკრულების შეწყვეტა იწვევს სავიზო მოსაკრებლის 35 ევროდან 80 ევრომდე გაზრდას, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების მიწოდების აუცილებლობას, ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემაზე მეტ შეზღუდვას.
„ვიზების გამარტივების შეთანხმება უზრუნველყოფს პრივილეგირებულ წვდომას ევროკავშირში სანდო პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომით, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეებზე განურჩეველი თავდასხმებით, რუსეთმა დაარღვია ეს ნდობა და ფეხქვეშ გათელა ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები“, – განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანმა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს.
გადაწყვეტილება ოფიციალურ ჟურნალში უკვე დღეს, 9 სექტემბერს გამოქვეყნდება და ძალაში 12 სექტემბრიდან შევა.