ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლება დაადასტურა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე უკრაინელი სამხედროების მიერ ბალაკლეაში ჩაწერილი მიმართვა გამოაქვეყნა.

„ბატონო პრეზიდენტო, ქალაქი ბალაკლეა ხარკოვის ოლქში ჩვენს კონტროლს დაექვემდებარა. ბრძანება შესრულებულია. რუსეთის საოკუპაციო ძალები გავიდნენ“, – აცხადებს უკრაინელი სამხედრო ვიდეომიმართვაში.

„ყველა თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალი უკრაინული ცის ქვეშ. ამაყი ვარ, გაუფრთხილდით თავს, გამარჯვებისკენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 8 სექტემბერს უკრაინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს ფოტოები ქალაქ ბალაკლეადან, რომელიც რუსეთის არმიას ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდა ოკუპირებული. ბალაკლეას გათავისუფლების შესახებ ცნობები ოფიციალურად ამ დრომდე არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები