დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებული ჩვილი გარდაიცვალა
დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში, საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ჩვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას იაშვილის კლინიკაში ადასტურებენ.
აფეთქების შემდეგ, ერთ წლამდე ბავშვი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება პირველ სექტემბერს, გამთენიისას მოხდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის – ბავშვის დედა. 30 წლამდე ქალი ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება.
ცნობილია, რომ დედა-შვილი ნიგერიის მოქალაქეები არიან. მეზობლების ინფორმაციით, მათ ბინა შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე იქირავეს.
რაც შეეხება მესამე დაშავებულს, არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აფეთქების დროს გვერდით მდებარე სახლში იმყოფებოდა.