ენტონი ბლინკენმა კიევში ბავშვთა საავადმყოფო მოინახულა (ფოტო)
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკვე მეორედ, კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სტუმრობს. დიპლომატის ვიზიტი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.
მოსალოდნელია, რომ მაღალჩინოსანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და ვაშინგტონის მიერ გამოყოფილი, 2 მილიარდდოლარიანი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადებს, რომელიც უკრაინისთვის, ასევე, 18 ქვეყნისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც, პოტენციურად, რუსეთის აგრესიის მსხვერპლი შეიძლება – გახდნენ.
კიევში ჩასულმა დიპლომატმა ბავშთა საავადმყოფო მოინახულა, მას უკრაინული ძაღლი – “პატრონი” ახლდა.
მედია წერს, რომ პაციენტებს შორის 6 წლის მარინაა, რომელმაც მაისში ხერსონში რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად ფეხებზე მძიმე დაზიანება მიიღო. გოგონას ცალი ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა და ახლა ის პროთეზით გავლას ცდილობს.
ბლინკენმა პატარა პაციენტების მშობლებს უთხრა, რომ მათი შვილების სიმტკიცე და გამძლეობა “ძალიან ძლიერი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის”.
ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანი კოლეგა დმიტრო კულებას შეხვდა და აშშ-ის საელჩოში მივიდა.
უახლოეს დროში ბლინკენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.