საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს მხარი დაუჭირა
„ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების პირველადი პროექტებიდან ამოღებულია ყველა ის საკითხი, რომელიც არ იყო პირდაპირ დაკავშირებული SEPA-სთან. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავა კომიტეტმა, რათა დღეს გამარტივდეს საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. მათ შორის ამოღებულია საკითხი, რომელიც ეხება დეპოზიტებს. ე.წ. გახსნილი და მოუკითხავი თანხების ანგარიში, რომელსაც არ გამოუჩნდა ბენეფიციარები. იყო საუბარი და დისკუსია სად უნდა წავიდეს ეს თანხები, ხომ არ გადაირიცხოს ბიუჯეტში? ესეც დამატებითი განხილვისთვის უნდა გადაიდოს, თუმცა ჩემი წინადადება იქნება, როგორც ერთ- ერთი ინიციატორი ამ ქვეყანაში შექმნილიყო დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, ეს თანხები მიიმართოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში და არა ბიუჯეტში”-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილეს.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ცვლილება უნდა განხორციელდეს 21 კანონში, პაკეტი 1700 გვერდიანია. კომიტეტის თავმჯდომარემ დააკონკრეტა კონსულტაციების შედეგად რომელი საკითხების ამოღება მოხდა კანონპროექტიდან. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონპროექტიდან ამოღებულია ნორმები რომლებიც არეგულირებდა ე.წ interchange fee -ს და საბაზისო ანგარიშს. აღნიშული საკითხების განხილვას პარლამენტი მოგვიანებით დაუბრუნდება. იმავე კანონში დაკორექტირდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის ფორმირების წესი,”- აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრიანება.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, ევროზონაში საბანკო გადარიცხვები გამარტივდება, გაიაფდება, მარტივად მოხდება ევროს გადარიცხვა საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ გააცნო. „ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, ბიზნესს, სტარტაპებს, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, რათა ხელი მიუწვდებოდეთ ევროკავშირის საკმაოდ დიდ ბაზარზე და იმედია ამ შესაძლებლობას ერთობლივი მუშაობით რეალობად ვაქცევთ”,- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
მისი განცხადებით, შემოთავაზებული რეგულირების ჩარჩო პირველ ეტაპზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობას შემდეგი მიმართულებებით ითვალისწინებს: საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაცია, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შემოწმება და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო ის ცვლილებები, რაც კანონპროექტთა პაკეტში პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ. საკომიტეტო განხილვებზე გამოთქმული მოსაზრებების და წინადადებების შესაბამისად შევიდა და პროექტში ნაწილობრივ აისახა. სხდომაზე თანმდევ პროექტებთან ერთად, ასევე განიხილეს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” შესატანი ცვლილებები.
მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტით რეგულირდება კომერციული ბანკების ლიცენზირების მოთხოვნები, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები და მნიშვნელოვანი წილის შეძენა. „კანონპროექტს ორი მიზანი აქვს,-დავუახლოვდეთ ევრო დირექტივას ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების ფარგლებში და გავაკეთოთ აპლიკაცია საერთო საგადახდო სისტემის SEPA-ს გეოგრაფიულ არეალში გაწევრიანებისთვის”,-განაცხადა პაპუნა ლეჟავამ. მისი თქმით, ცვლილებები, რომელიც პროექტში აისახა, ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა და ლიცენზირების მოთხოვნებს და პროცედურებს, ადმინისტრატორთა შესაფერისობის და მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს ეხება.
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად, დეპუტატებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა გააცნო. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ საკანონმდებლო პაკეტის მიღებით შესრულდება ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს კრიტერიუმი, რომელიც საგადახდო მომსახურებების შესახებ ევროკავშირის განახლებულ დირექტივასთან (PSD2) ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას გულისხმობს. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტის მიღებით შესრულდება ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.
მისივე თქმით, კანონპროექტის თანახმად, მნიშვნელოვანი გარანტიები იქმნება საგადახდო მომსახურების მიწოდებისას ჩართული მხარეების მაქსიმალურად დაცვის თვალსაზრისით და უფრო დეტალურად წესრიგდება მათ შორის ურთიერთობები. ასევე, უმჯობესდება საგადახდო მომსახურების ხელმისაწვდომობის და კონკურენციის ხელშეწყობის საკითხების რეგულირება. დამატებით, კანონის დებულებების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, ეროვნული ბანკი აღიჭურვება რიგი უფლებამოსილებებით. „გუშინ მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა პაკეტზე მუშაობა და ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ და შენიშვნების უმრავლესობა გათვალისწინებულია. გვაქვს საკითხები, რომელიც პირდაპირ SEPA-ს არ უკავშირდება, მაგრამ ბაზრისთვის მნიშვნელოვანია. გამომდინარე იქედან, რომ მნიშვნელოვანია კანონები გავიდეს დაჩქარებული წ ესით რათა ჩვენ ნოემბერში მოვასწროთ აპლიკაციის შეტანა, ყველა ის საკითხი, რომელიც პირდაპირ არ იყო კავშირში SEPA-თან ამ ეტაპზე ამოღებულია და ამ საკითხებზე პარლამენტში დამატებით გავაგრძელებთ მსჯელობას”,- განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
„ამ კანონპროექტების მიღების შემდეგ ბევრი პირობა იქნება დამატებით იმისათვის, რომ კონკურენცია გაიზარდოს, მომხმარებელთა უფლებების დაცვა იყოს უკეთესი, და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კომერციული საბანკო სექტორი პოსტ საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გამართულია მომსახურების კუთხით, ეს ფაქტორები, რომელიც ჩამოთვლილია, კიდევ დამატებით პირობებს ქმნის სისწრაფესთან, კონკურენტუნარიანობასთან და მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით”,-განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს მხარი დაუჭირა.