რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ პირად გვერდზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ჯოზეფ ბორელი „ფაშისტური რუსეთის შესახებ“ სიტყვების შემდეგ, სამუდამოდ უნდა შევიდეს იმ ადამიანების სიაში, ვისაც ხელს არ ართმევენ.
„სევდიანი სახის მქონე კაცმა, გვარად ბორელმა თქვა, რომ რუსეთი ფაშისტური სახელმწიფოა. არ დავუბრუნდებოდი ევროკავშირის კომისრის ამ ამაზრზენ განცხადებას, მაგრამ იძულებული ვარ, სპეციალურად გავუსვა ხაზი, რომ ასეთი რამეების დავიწყება არავისთვის და არასდროს შეიძლება. ეს მაღალჩინოსანი სამუდამოდ უნდა შევიდეს იმ არსებათა სიაში, ვისაც ხელს არ ართმევენ“, – წერს „ტელეგრამზე“ დიმიტრი მედვედევი.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბორელის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთი სავარაუდოდ „ფაშისტური სახელმწიფოა“, მას, როგორც დიპლომატს, წერტილს დაუსვამს.
მოგვიანებით ევროკავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ბორელს რუსეთისთვის „ფაშისტი“ არ უწოდებია და მან მხოლოდ პარლამენტის ერთ-ერთი წევრის განცხადებაზე მიუთითა, რომელმაც აღნიშნული გამოთქმა გამოიყენა.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი მათ ბორელის მიერ რუსეთზე გაკეთებული განცხადების ტრანსკრიპტს არ მიაწვდის, მოსკოვი დასკვნებს თავად გამოიტანს.