გიორგი ამილახვარი: სამწუხაროდ, გრძელდება ჰიბრიდული ომი უკვე უკრაინიდან, „ნაცმოძრაობის“ ფილიალის ხელმძღვანელისგან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, გრძელდება ჰიბრიდული ომი უკვე უკრაინიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალის ხელმძღვანელისგან, რომელიც პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ თეორიულად სანქცირებულთა სია თბილისიდან არის მიწოდებული, რომელმაც სააგენტოს ხელმძღვანელმა გამოაქვეყნა. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არის დიდი მცდელობა საქართველოს მოსცხონ ჩირქი. ეს არის პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებული განცხადება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი სამართლებრივი და პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ აქვს და ვერ ექნება“, – განაცხადა ამილახვარმა.
ცნობისთვის, არახამიამ განაცხადა: “პატივცემულო ქართველებო, თუ სამწუხაროდ, თქვენ ჯერ არ გყოფნით ძალისხმევა, რომ დამოუკიდებლად მოახდინოთ დეოლიგარქიზაცია, ჩვენ დაგეხმარებით”.
არახამია უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს მიერ სასანქციო სიის გამოქვეყნებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულ ვებგვერდზე, რომელიც ქვეყნის საგარეო უწყების მხარდაჭერითაა შექმნილი, გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელთაც, ამავე საიტის თანახმად, ჯერ არ შეხებიათ სანქციები. მათ შორის არიან ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, სულხან პაპაშვილი, დავით ხიდაშელი, ვანო ჩხარტიშვილი, ტატე მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილი, გიორგი კაპანაძე, ირაკლი რუხაძე, ქეთევან ხარაიძე, ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი.