„ომი კრიტიკულ ფაზაში შედის“ – სტოლტენბერგი ევროპაში არეულობის რისკზე საუბრობს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, ასევე – მისი თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის მძიმე ზამთარი ახლოვდება, რაც გამოცდა იქნება.

ამის შესახებ მან Financial Times-სთვის სტატიაში დაწერა.

“უკრაინის ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. ზამთარი ახლოვდება და სირთულეები იქნება. სირთულეები იქნება უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი თავისუფლებისა და ჩვენთვის, ვინც მათ მხარს ვუჭერთ. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა სერიოზული გამოცდის წინაშე აღმოჩნდება, რადგან ოჯახები და ბიზნესი ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრ ზრდას, ასევე – ცხოვრების გაძვირებას გრძნობენ, რაც რუსეთის სასტიკი შეჭრით არის გამოწვეული“, – წერს სტოლტენბერგი.

ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რომ წინ შესაძლოა, რთული ექვსი თვე იყოს, რომელიც დაკავშირებული იქნება ელექტროენერგიის გათიშვასთან, შეფერხებებთან, მათ შორის, შესაძლოა, სამოქალაქო არეულობებთან.

მან დასძინა, რომ “უკრაინის მომავლისა და ჩვენი მომავლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრის ომისთვის და დავრჩეთ ჩვენს გზაზე და წინააღმდეგობა გავუწიოთ ტირანიას”.

“თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, იქნება მშვიდობა. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვალდებულნი ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ დამოუკიდებელ დემოკრატიას ევროპის ცენტრში”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები