აგვისტოს თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ისტორიულად ყველაზე მეტ რეისსა და მგზავრს მოემსახურა

2022 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 27%-ით, რეისების რაოდენობა კი 64%-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოს თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ისტორიულად ყველაზე მეტს რეისსა და მგზავრს მოემსახურა. 2022 წლის აგვისტოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 111,566 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის აგვისტო 87,969 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, აგვისტოს თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დინამიკამ ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხითაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აგვისტოში, აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 450 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის აგვისტო – 274 რეისი).

,, ჩვენი პოზიტიური მოლოდინები საჰაერო დინამიკის ზრდის კუთხით კვლავ გამართლდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის გასული თვეები არსებობის მანძილზე ისტორიულად ყველაზე დატვირთული იყო. აგვისტოს თვეში ივლისის თვის რეკორდული მაჩვენებელიც გავაუმჯობესეთ. ეს არის ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებისა და ინდური ავიაკომპანია Spice jet-ის მიერ რეგულარული ჩარტერული რეისების დამატების შედეგი. ამ სიახლეებმა ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდას შეუწყო ხელი ,-‘’აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები