ირაკლი ქადაგიშვილი: გრძელდება კამპანია, რაც იყო უკრაინის ხელისუფლების ნაწილისა და ჩვენი რადიკალური ოპოზიციის თანმხვედრი პოლიტიკა, რომ საქართველოში ყოფილიყო მეორე ფრონტი
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელთაც, ამავე საიტის თანახმად, სანქციები ჯერ არ შეხებიათ, სიაში არიან ქართველებიც.
ქადაგიშვილის შეფასებით, გრძელდება კამპანია, რაც იყო უკრაინის ხელისუფლების ნაწილისა და ოპოზიციის თანმხვედრი პოლიტიკა, რომ საქართველოში ყოფილიყო მეორე ფრონტი.
“ეს არის იმ კამპანიის გაგრძელება, რაც უკრაინის ხელისუფლების ნაწილისა და ჩვენი, რადიკალური ოპოზიციის თანმხვედრი პოლიტიკა იყო, რომ საქართველო რამენაირად გამხდარიყო კონფლიქტის კიდევ ერთი მონაწილე, საქართველოში ყოფილიყო “მეორე ფრონტი”. ამის მიღწევას პირდაპირი და ირიბი მოწოდებით ცდილობდნენ. ასევე, საქართველოს დადანაშაულებით, რომ საქართველო რუსეთს იარაღით და ორმაგი დანიშნულების ტვირთებით ამარაგებს, ათასი დაუმსახურებელი ტყუილით, “ფეიკი”, პროვოკაციული განცხადებებით. ქმედებებით, რომ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლება მოხალისეები უნდა გაეგზავნა. ეს არის შეუსრულებელი გეგმის კიდევ ერთხელ რეალიზაციის მცდელობა – შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის გარშემო. ფიქრობენ, რომ მისი პოზიცია არის გადამწყვეტი მშვიდობის შენარჩუნებაში და იქნებ ამ შანტაჟით მას პოზიცია შეაცვლევინონ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.