საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველსაყოფად „ევროპული სოლიდარობის“ მექანიზმის შემოღება გამოაცხადა.
ამის შესახებ Le Figaro იტყობინება.
მაკრონის განმარტებით, საფრანგეთი და გერმანია ენერგეტიკული კრიზისის დროს გაზისა და ელექტროენერგიის ურთიერთმომარაგებაზე შეთანმხდნენ, კერძოდ, პარიზი ბერლინს ელექტროენერგიის მიწოდების სანაცვლოდ გაზს მიაწვდის.
„ჩვენ ამას გავაკეთებთ იმისთვის, რომ გერმანიასთან გაზზე ვიყოთ სოლიდარული, იმ შემთხვევაში თუ ზამთარი მძიმე იქნება და გერმანიას ეს დასჭირდება“, – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ აღნიშნული ორივე ქვეყანაში ახალი გაზის ტერმინალების გახსნას გულისხმობს.
მან ასევე თქვა, რომ უახლოეს თვეებში მთავარი საკითხი იქნება ელექტროენერგიის უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა და ენერგომატარებლებზე ფასების მაქსიმალური კონტროლი.
საფრანგეთმა და გერმანიამ შესაბამისი ზომები გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირების პირობებში მოსახლეობის დასახმარებლად მიიღეს. ერთი მხრივ, საფრანგეთში ცდილობენ ენერგიის მოხმარება 10%-ით შეამცირონ და გამათბობლების და კონდიციონერების ნაკლებ გამოყენებას მოითხოვენ.
გერმანიაში კი, მკაცრი ზომების გარდა, ასევე მიიღეს 65 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი ოჯახებისთვის და ბიზნესისთვის.