“რადიკალური ოპოზიციის მიზანია, კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. მოლოდინი არ მაქვს, რომ მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციული შეთავაზება იქნება, მათი ვირტუალური კანონპროექტებით უფრო მეტად მოხდება მათი მიზნების ლუსტრირება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მცდელობები უშედეგო იქნება.
„არანაირი პარალელური პროცესი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ხელოვნური პროცესი ოპოზიციის მხრიდან, რომ რაიმენაირად ხელი შეუშალონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ერთ მხარეს არის ლეგალური პროცესი, ამას უძღვება „ქართული ოცნება”, ჩვენი საზოგადოება და პარტნიორები ხედავენ, რომ თითოეული საკითხის დამუშავება მიმდინარეობს და ამ პროცესის მიზანია სტატუსის მიღება, ხოლო მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომელსაც პირიქით – მიზანი აქვს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ. საბოლოოდ, ეს მცდელობები უშედეგო იქნება. ელემენტარულ საკითხებზეც ყველაზე დესტრუქციული ნაბიჯები აქვთ. ცხადია, მოლოდინი არ მაქვს, რომ მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციული შეთავაზება იქნება. რაც შეეხება მათ ვირტუალურ კანონპროექტებს, ამით უფრო მეტად მოხდება მათი მიზნების ლუსტრირება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.