უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი რუსეთის მოქალაქეებისთვის პანეევროპულ სავიზო გადაწყვეტილებებს უნდა ითვალისწინებდეს.
ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში თქვა.
ზელენსკის თქმით, 4 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ისაუბრა და ეს იყო, “როგორც ყოველთვის, ძალიან ინფორმაციული, ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენი ურთიერთობების ყველა ასპექტზე”.
“მადლობა გადავუხადე უკვე გაწეული მხარდაჭერისთვის. მადლობა გადავუხადე მცდელობისთვის, რომ შეიზღუდოს რუსეთის ჭარბი შემოსავალი ნავთობისა და გაზიდან. მოვუწოდე, დაჩქარდეს ფინანსური დახმარება ჩვენთვის, უკრაინისთვის. განვიხილეთ სანქციების ახალი ნაბიჯები. კერძოდ, მიმაჩნია, რომ სანქციების მერვე პაკეტში უნდა იყოს გათვალისწინებული პანევროპული სავიზო გადაწყვეტილებები რუსეთის მოქალაქეებისთვის – ისეთი, რომ ამ ომში მონაწილე ვერცერთმა პირმა ვერ ისარგებლოს ევროპული სტუმართმოყვარეობით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ უკრაინის, მთელი ევროპის წინააღმდეგ ტერორს, თუ ისინი ჩუმად აკვირდებიან უკრაინაში მომხდარ გენოციდს, მაშინ მათ არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა – გამოიყენონ ევროპა მხიარულებისთვის და გასართობად.
“ეს არის მნიშვნელოვანი მორალური რამ. ევროპა არის ღირებულებების ტერიტორია და არა – “დისნეილენდი” ტერორის მხარდამჭერებისთვის. სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს. ასე იყო, როდესაც უკრაინა აფრთხილებდა ევროპას გაზის საკითხზე, რომ რუსეთთან “ჩრდილოეთნაკადური” ურთიერთობის შენარჩუნება გახდება პრობლემა და ნებისმიერ მომენტში კატასტროფაში გადაიზრდება. ასეც მოხდა. სავიზო ყოვლისმომცველი დამოკიდებულება აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ, ფინანსური კავშირები რუსეთთან, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება – ეს არის ის, რასაც მოსკოვი ევროპის წინააღმდეგ იყენებს. და მე მადლობელი ვარ იმ ევროპელი ლიდერების, რომლებმაც საფრთხის დონეს აცნობიერებენ“, – განმარტა ზელენსკიმ.