გიორგი ცუცქირიძე: წლის დარჩენილ 4 თვეში ეკონომიკაში საკმაოდ კარგი ზრდის მაჩვენებელი იქნება
ჩემი შეფასებით, წლის დარჩენილ 4 თვეში ეკონომიკაში საკმაოდ კარგი ზრდის მაჩვენებელი იქნება და როგორც შარშან, ალბათ, ორნიშნა მაჩვენებელზე გავალთ, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ცუცქირიძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას გამოეხმაურა.
„რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის თემას: მაღალი ზრდა გვაქვს, 9, 7 %, რაც, ფაქტობრივად, ორნიშნა რიცხვთანაა მიახლოებული. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის მაჩვენებელს უნდა შევადაროთ. აქაა ბაზისური წლის ეფექტი, რადგან გასულ წელსაც, 2020 წელთან შედარებით, ძალიან მაღალი ზრდა იყო – 9, 9 %. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ზრდის მაღალი ტემპი კვლავ შევინარჩუნეთ. მაღალი ზრდა ძალიან ბევრი მიმართულებითაა ასახული. ექსპორტი სარეკორდოდაა გაზრდილი. პირველ ყოვლისა, ადგილობრივი ექსპორტი უნდა აღვნიშნო, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, რომელიც თავის მოცულობით ისტორიულ მაქსიმუმზეა. მეორე საკითხია მაღალი ეკონომიკური ზრდის ისეთი კომპონენტი, როგორიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. ვნახეთ, რომ პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სარეკორდოდ იყო გაზრდილი, 4,5-ჯერ და მეტადაც. ჩვენ რომ ავიღოთ გასული წლის აპრილიდან მიმდინარე წლის აპრილამდე პერიოდი, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მილიარდ 700 მილიონამდეა შემოსული, რაც ბოლო ათწლეულში სარეკორდო მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ პროგნოზი უნდა გვქონდეს, რომ ამ წლის ბოლოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან მაღალი იქნება.
მესამე ფაქტორია ტურიზმი და მისი აღდგენილი მაჩვენებლები. ვხედავთ, რომ ტურიზმი მაღალი მაჩვენებლებითაა აღდგენილი. მაგალითად, ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან, ანუ წინაკრიზისულ პერიოდთან შედარებითაც კი გაზრდილია. თუ ავიღებთ პირველ 7 თვეს, იანვარ -ივლისის მიხედვით, წინაკრიზისული პერიოდის მაჩვენებელი დაახლოებით 88 %-ითაა აღდგენილი.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ორნიშნა ზრდას ხელს უწყობს, მოლოდინები და სტაბილიზაცია. ეს ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ზრდის.
მნიშვნელოვანია წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-ის მიერ, საქართველოს ეკონომიკის შეფასების განახლებული მაჩვენებელიც. ორგანიზაცია მოელის, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება.
სექტემბერ-ოქტომბერშიც ზრდის დაკორექტირებული მაჩვენებელი იქნება, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის. დარწმუნებული ვარ, ზრდის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ყველა პროგნოზით, 7 თვის მაჩვენებლით საშუალო წლიური ზრდა 10,3 %-ია, წლის დარჩენილ 4 თვეში ჩემი შეფასებით, ეკონომიკაში საკმაოდ კარგი ზრდის მაჩვენებლი იქნება და როგორც შარშან, ალბათ, ორნიშნა ზრდის მაჩვენებლზე გავალთ“, – განაცხადა ცუცქირიძემ.