კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლის ფესტივალთან ერთად ბრუნდება

2 სექტემბრიდან, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წინანდლის ფესტივალი უმასპინძლებს. ფესტივალი მეოთხედ ტარდება და 19 კონცერტს მოიცავს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, ცნობილი შემსრულებლების გვერდით, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი კვლავ წარდგება მსმენელის წინაშე 4 კონცერტით. „პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის, როგორც ახალგაზრდებს შორის შემოქმედებითი დიალოგისა და მშვიდობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელის შენარჩუნებისა და მდგრადობისათვის, წელს, საქართველოს კულტურის სამინისტრომ პირველად იზრუნა და გამოყო თანხა (900 000 ლარი). პირველ საფესტივალო დღეს მაყურებლის წინაშე სწორედ პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წარდგება თანამედროვე ახალგაზრდა ვარსკვლავ მაო ფუჯიტასთან ერთად. კონცერტს უკრაინელი მუსიკოსი ოკსანა ლინივი უდირიჟორებს. პროგრამა უკრაინელი კომპოზიტორის, ბოჰდანა ფლორიაკის ნაწარმოებით გაიხსნება. ასევე, შესრულდება იოჰანეს ბრამსის პირველი საფორტეპიანო კონცერტი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია.
80-წევრიან პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის შემადგენლობაში არიან ჟიურის მიერ წინასწარი მოსმენების შედეგად შერჩეული, 6 მეზობელი ქვეყნის მუსიკოსები. ორკესტრის 50% დაკომპლექტებულია საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა მუსიკოსებით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მუსიკოსების განათლებას, პროფესიულ განვითარებას თუ კარიერულ წინსვლას.
ამასთან, ქართველ მსმენელს საშუალება ექნება ეზიაროს კლასიკური მუსიკის წამყვანი სოლისტების და დირიჟორების შესრულებას.
აღსანიშნავია, აგრეთვე ისიც, რომ ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულ საფორტეპიანო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები სანდრო ნებიერიძე და გიორგი გიგაშვილი, რომლებიც სამინისტროს ხელშეწყობით, ევროპის წამყვან სამუსიკო უმაღლეს სასწავლებლებში იღებენ განათლებას.
წლევანდელ პროგრამაში სოლისტებს შორის არიან მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები: რენო კაპუსონი, ლუკას დებარგი, სონგ-ჯინ ჩო, კრიშტოფ ბარატი,
ვილდე ფრანგი, დენის კოჟუხინი, კიან სოლტანი, ნოა (ახინოამ ნინი), ლი ლა, ჟულიენ კვენტინი, დევიდ აარონ კარპენტერი და სხვა ვარსკვლავები.
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2019 წელს, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით, წინანდლის ისტორიული მამულის წიაღში დაფუძნდა.
გლობალური პანდემიის მიუხედავად, ფესტივალი ყოველი წლის სექტემბერში საქართველოს ულამაზეს რეგიონში, ღვინის სამშობლოში, წინანდალში იმართება.
მდიდარი საფესტივალო პროგრამის შედგენა ფესტივალის თანადამფუძნებლების, ავი შოშანისა და მარტინ ენგსტროემის დამსახურებაა, რომლებიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ვერბიეს კლასიკური
მუსიკის ფესტივალის დამფუძნებლები არიან. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები