თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ასეულისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფებს შორის გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტს მოიცავდა, მათ შორის იყო სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება, ზღვიდან ხმელეთზე ინფილტრაცია/ექსფილტრაცია, სანაპირო ზოლში/ნაპირზე რეიდი, ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი.
თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET) სისტემატიურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.