ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 კონფერენციის მონაწილეები კახეთსა და ქართლს ეწვივნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 კონფერენციის მონაწილეები კახეთსა და ქართლს ეწვივნენ. კონფერენციის 100-მდე მონაწილეს ქართლსა და კახეთში სტუმრობისას შესაძლებლობა მიეცა, ადგილზე გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, ვაზის ქართულ ჯიშებს, ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს და ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები.
სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს ისტორიული ძეგლები. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის ეკონომისტები აშშ-დან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იაპონიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის კონფერენციის ყოველწლიურ კონფერენციას ორი დღის განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.