ევროკომისიის პრეზიდენტი: პუტინი ვერ მოიგებს ამ ომს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს – ჩვენ მას მხარს დავუჭერთ

უკრაინამ უნდა მოიგოს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი და შეუძლია ევროკავშირის სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში ბლედის სტრატეგიული ფორუმის გახსნისას განაცხადა.

„მთელი მსოფლიო აკვირდება თუ რა იქნება ჩვენი პასუხი რუსულ აგრესიაზე. წლის დასაწყისში რუსეთმა და ჩინეთმა ღიად გამოაცხადეს ე.წ. სრული მეგობრობა. რამდენიმე კვირაში კი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. მესიჯი არ შეიძლება იყოს ამაზე მკაფიო. თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ საბაზისო პრინციპები, როგორიცაა თვითგამორკვევის უფლება, საზღვრების ხელშეუხებლობა, მაშინ პუტინი ვერ მოიგებს ამ ომს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ეს აბსოლუტურად გასაგებია“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა, ისტორიაში პირველად, სახსრები გამოყო მესამე ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებისთვის და ხაზი გაუსვა უკრაინელების გმირულ ძალისხმევას საკუთარი ქვეყნის დასაცავად.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკრაინისთვის, ჩვენი ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად და ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ რუსეთს და მსოფლიოს, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევა ძვირად დაუჯდება“, განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები