საქმე გვაქვს მასიურ გაყალბებასა და არჩევნებში ჩარევასთან ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომპანია Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებას.
ტრამპი აცხადებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანონიერი გამარჯვებული უნდა გამოცხადდეს, სხვა შემთხვევაში კი შეერთებულ შტატებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
„ახლა საბოლოოდ გაირკვა, რომ FBI-მ დამარხა ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის ისტორია არჩევნებამდე, რადგან იცოდა, რომ არა ეს, „ტრამპი იოლად გაიმარჯვებდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში“. საქმე გვაქვს მასიურ გაყალბებასა და არჩევნებში ჩარევასთან ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში. გამოაცხადეთ კანონიერი გამარჯვებული ან, ეს იქნება მინიმალური გამოსავალი, გამოაცხადეთ 2020 წლის არჩევნები გამოუსწორებლად კომპრომეტირებულად და დაუყოვნებლივ ჩაატარეთ ახალი არჩევნები!“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, კომპანია Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მითითებით Facebook-ში ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის სკანდალთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება შეზღუდა.