„უკრაინას შეუძლია ევროპის კონტინენტის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს“ – ზელენსკი
უკრაინას შეუძლია ევროპის კონტინენტის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიაში „ჩრდილოეთ ზღვების შელფის“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინას შეუძლია გახდეს და მჯერა, რომ გახდება ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი. უკრაინასთან ერთად თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ ფასების კრიზისი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას გაზის შენახვის უნიკალური სისტემა აქვს, რომლის სიმძლავრე 30 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტია და ევროპელებს შეუძლიათ მათი გამოყენება.
„ჩვენ გვეკითხებიან: როგორ შეიძლება დახმარება? ასე პრაქტიკულად – გამოიყენეთ ჩვენი გაზის საცავები უკვე ამ სეზონზე. დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 15 მილიარდი კუბური მეტრის თავისუფალი მოცულობა. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი დახმარება, ეს კი იქნება თქვენიც და საკუთარი თავის დახმარებაც“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდას გეგმავს.