პოლიციამ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – ცხელ კვალზე დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს – 1985 წელს დაბადებულ მ.მ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.