მიხეილ სარჯველაძე: ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში სამართლებრივი არგუმენტები მითითებული არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში სამართლებრივი არგუმენტები მითითებული არ არის.

მისი თქმით, პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონპროექტის განხილვას არცთუ ისე ხანმოკლე პერიოდი დაუთმო.

„სამართლებრივი არგუმენტები – მაგალითად, რომ არსებობდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს და რაიმე სტანდარტს არღვევდეს საკანონმდებლო ინიციატივა, ამ შემთხვევაში გვექნებოდა შესაძლებლობა, რომ საკითხისთვის ამ რაკურსით შეგვეხედა. მოცემულ შემთხვევაში ასეთი არაფერია მითითებული და საუბარია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვაზე. ამ კრიტიკასაც ვერ გავიზიარებთ და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმებით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თუკი ვნახავთ კანონპროექტის განხილვის ვადებს, მგონია, რომ არცთუ ისე ხანმოკლე პერიოდი დაუთმო პარლამენტმა, მათ შორის ერთ-ერთი მოსმენის დროს, მეორე მოსმენის ეტაპზე კანონპროექტის განხილვა 2 კვირის ვადით შეჩერდა იმიტომ, რომ ყველას, ვისაც ამის ინტერესი და სურვილი ჰქონდა მისცემოდა შესაძლებლობა, რომ საკუთარი არგუმენტაცია წარმოედგინა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით რეკომენდაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები